Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე საქართველომ თავისი პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან უმძიმეს ბრძოლაში დათმო.
დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გამართულ შეხვედრაში 25-ე წუთზე მულდურმა თურქეთის ნაკრები ბრწყინვალე დარტყმით დააწინაურა. ორ წუთში ილდიზმა სხვაობა ორამდეც გაზარდა, თუმცა ვიდეორეფერის დახმარებით თამაშგარე დაფიქსირდა და თურქების მეორე გოლი გაუქმდა.
თამაშში დაბრუნება საქართველომ 32-ე წუთზე შეძლო, როცა ქოჩორაშვილის პასით თურქეთის ნაკრების კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა თავისი შანსები, თუმცა 65-ე წუთზე ცენტრში ბურთი დავკარგეთ, რითაც არდა გიულერმა ისარგებლა და შორიდან ულამაზესი დარტყმით შეძლო მამარდაშვილის კარის აღება.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულად შეტევაზე გადაერთო და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა - გიორგი ქოჩორაშვილმა რამდენიმე მეტოქე ულამაზეს სტილში მოატყუა და გოლამდე სულ ცოტა დაარტყა - ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
ბოლო წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიას ჯარიმის შემდეგაც, თურქეთის კარი ძელმა იხსნა, დამატებაზე კი ზურიკო დავითაშვილის დარტყმას მცველი გადაეღობა.
საბოლოო შტურმზე წინ გიორგი მამარდაშვილიც წავიდა გუნდის დასახმარებლად, რაც სამწუხაროდ ჩვენთვის ცუდად დასრულდა - კონტრშეტევაზე გაქცეულ აკტურკოღლუს კარი ცარიელი დახვდა და მან მატჩის საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.
ვერავინ იტყვის, რომ დღეს საქართველომ მარცხი დაიმსახურა - ფავორიტს თითქმის არცერთ კომპონენტში არ ჩამოვრჩით და როგორც მინიმუმ ფრეს ნამდვილად ვიმსახურებდით.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლა გრძელდება! შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები