Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
2011 წლის 26 მარტს 9 წლის ბავშვი პირველად დავესწარი საქართველოს ნაკრების მატჩს დინამო არენაზე. ეროვნული გუნდის თამაშებს იქამდეც ვუყურებდი, მაგრამ ცოცხლად პირველად მომეცა საშუალება ნაკრებისთვის მეგულშემატკივრა. ხორვატიას ვეთამაშებოდით, ძლიერი გუნდი იყო: მოდრიჩი, რაკიტიჩი და კომპანია.
ტრიბუნები სავსე იყო, 54 ათასზე მეტი ადამიანი ერთი მიზნისთვის იყო შეკრებილი, რომ ჩვენი გუნდის გამარჯვება ეხილა. იმ მატჩის პერიპეტიები ყველას გვახსოვს. ხორვატებს ბოლო წუთზე გავუტანეთ, კობიაშვილის გოლით 1-0 მოვიგეთ.
არასდროს დამავიწყდება, რა მოხდა სტადიონზე, როცა ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაეხვია. სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ ისე თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. თამაშის დასრულების შემდეგ თბილისის ქუჩებში დიდი ზეიმი იყო, ხალხის შეძახილები, ავტომობილების სიგნალები და ა.შ. ყველაფერი რითიც შეიძლება უდიდესი ბედნიერება გამოხატო.
სიხარულს ისიც აორმაგებდა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში სიტუაცია ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშის იმედს გვაძლევდა, თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც გვსურდა და საბოლოოდ მორიგი შესარჩევი ეტაპი დავასრულეთ წარუმატებლად.
მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ნაკრებმა უამრავი შეხვედრა ჩაატარა. იყო როგორც ცუდი, ისე კარგი თამაშები, იმედგაცრუებები და სიხარული, ყველაფერი რის გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია.
ამ პერიოდში ერთხელ უკვე ახლოს ვიყავით დიდი ოცნების ასრულებასთან, თუმცა ყველანაირმა გარემოებამ ხელი შეგვიშალა და არ გაგვიმართლა. 2020 წლის 12 ნოემბერი ყველას ცუდად დაგვამახსოვრდა, მაგრამ გულშემატკივრებს მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს.
კიდევ ერთი შანსი მოგვეცა და მიზნისკენ სვლა თავიდან დავიწყეთ. ერთა ლიგის გათამაშების ყველა მატჩზე სტადიონი გავავსეთ და კვლავ ფინალამდე მოვედით. ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამაგალითო გულშემატკივრობა ვიხილეთ და გამარჯვებაში ხალხმაც თავისი წვლილი შეიტანა.
წინ კი 26 მარტი და საბერძნეთთან გადამწყვეტი დაპირისპირებაა. დინამო არენა ისევ სავსე იქნება იმ იმედით, რომ 13 წლის წინანდელი სცენარი გამეორდება და საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მოიპოვებს...
ჩვენ ხომ ერთად გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე!
P.S. 2024 წლის 26 მარტს მე კვლავ ვიქნები დინამო არენაზე, ამჯერად 22 წლის ბიჭი, რომელსაც იმედი აქვს, რომ 9 წლის ბავშვის ემოციებს ისევ გამოცდის.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ