ჟოზე მოურინიომ ლა კარტუხას სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბეტისთან მატჩი შეაფასა.
„გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგჯერ მარცხდები და არ იცი, რატომ მოხდა ეს ან როგორ ახსნა. თამაშში უდიდესი უპირატესობა გვქონდა, ცენტრალური მცველები შესანიშნავად მოქმედებდნენ და ყველაფერს სრულად აკონტროლებდნენ.
ბევრი შეტევა გვქონდა და უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, იმედგაცრუებულები ვიქნებოდით, რადგან მეტს ვიმსახურებდით და ახლა წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობთ მარცხის შემდეგ.
გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში კარგად თამაშობდა. ბეტისს რამდენიმე კონტრშეტევა ჰქონდა და ეს ნორმალურია. ეს მატჩი მთლიანად რეალის იყო. ბეტისი ფრეზე თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.
სტატისტიკა არ მინახავს, თუმცა წარმომიდგენია, რომ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა გვქონდა, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს, მაგრამ უამრავი მომენტი შევქმენით.
კარისკენ 10, 15 ან 18 დარტყმა გვქონდა, ზუსტად არ ვიცი. 3 ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათმა მეკარემ კი 4 წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია.
შესაძლოა, ხვალ მატჩის ჩანაწერის ნახვის შემდეგ აზრი შევიცვალო, მაგრამ დღეს, სათადარიგოთა სკამიდან დანახულით, არ ვიცი, რატომ წავაგეთ. ამას ვერაფრით ვხსნი.
გუნდურად ყველა ასპექტში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ფეხბურთელებმაც ინდივიდუალურად შესანიშნავად იასპარეზეს. არცერთი მოთამაშის დამოკიდებულებაზე გასაკრიტიკებელი არაფერი მაქვს, პირიქით.
ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. აშკარად ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ მხოლოდ დამსახურება ქულებს არ გაძლევს.“ - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
VIDEO: ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი და კილიან მბაპეს კრახი