Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ Ukrfootball-თან საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შესახებ ისაუბრა.
უკრაინის შანსები ერთა ლიგის ჯგუფში
"ღირებული ჯგუფია თანაბარი გუნდებით. ალბანელებს, ჩეხებსა და ქართველებს სურპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ, მაგრამ ჩემთვის ფავორიტი უკრაინაა. კარგი მწვრთნელი გვყავს და ველი, რომ გუნდი რებროვის ხელში პროგრესს მიაღწევს. უკრაინის ნაკრებში ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი მიქსია."
სხვა გუნდები
"ვფიქრობ, ყველაზე არაკომფორტული მეტოქე ჩეხეთი იქნება, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ალბანელები ბოლომდე იბრძვიან, ქართველების ჩამოწერაც არ შეიძლება. ყველა მეტოქეს პატივი უნდა სცე, მაგრამ კლასით უკრაინელი მოთამაშეები ჯგუფში ყველაზე მაღლა დგანან."
საქართველო - საუკეთესო ვარიანტი მეოთხე კალათიდან?
"თურქეთი ცალკე დგას, ისინი ყველაზე ძლიერი გუნდი არიან მეოთხე კალათაში. ბათუმი თურქეთთან ახლოსაა და ხანდახან სუპერ ლიგის მატჩების ყურებას ვახერხებ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძლიერი ჩემპიონატია. იქ კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტები და ლეგიონერები მიდიან, რაც ადგილობრივი მოთამაშეების დონესაც ზრდის."
"საქართველო, საბერძნეთი და ყაზახეთი თითქმის თანაბარი დონის გუნდები არიან. ყაზახეთი მზარდი ნაკრებია და საჩუქარი ნამდვილად არ არის. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დიდი ხმაური გამოიწვიეს."
საქართველოს ნაკრები
"პირადად მე არ მომწონს დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც ვილი სანიოლი გუნდს ათამაშებს. პირველივე დღიდან მან დაცვითი სქემა 5-4-1 ან 5-3-2 აირჩია. სანიოლი ამას იმით ხნის, რომ მას ნელი ასაკოვანი ცენტრალური მცველები ჰყავს."
"მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევა ძალიან ძლიერია, წინ დიდებული ბიჭები არიან, ამიტომაც არ მომწონს, რომ სანიოლი მათ ყრუ დაცვიდან ათამაშებს. უკრაინას საქართველოს დამარცხება შეუძლია."
უკრაინა საქართველოს დაცვის წინააღმდეგ
"საქართველო თავის საჯარიმოში დაფუძნდება და თავისუფალ ზონებს დაკეტავს, ეს პოზიციური თამაში იქნება. ჩვენ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ერთი ერთზე კარგები არიან, ამიტომ ვფიქრობ, საქართველო ბევრ პრობლემას ვერ შეგვიქმნის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. საჭიროა, მეტოქეს პატივი სცე და მატჩისთვის კარგად მოემზადო."
გამორჩეული ქართველი მოთამაშეები
"საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა. ასევე გამოვარჩევდი დავითაშვილსა და მიქაუტაძეს. გუნდში ფლანგის კარგი მცველებიც არიან - აზაროვი და გოჩოლეიშვილი."
საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი
"გუნდს ორი გამოცდილი ცენტრალური მცველი კვირკველია და კაშია ჰყავს. ისინი 30 წელს გადაცილებული არიან და მაღალი სისწრაფე აღარ აქვთ. ჩვენმა გუნდმა ამით უნდა ისარგებლოს."
უკრაინელი მოთამაშეები
"ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს ტოპ ჩემპიონატებში - ზაბარნი, მიკოლენკო, ზინჩენკო, მუდრიკი, იარემჩუკი, მალინოვსკი, ციგანკოვი, დოვბიკი, ტრუბინი, ლუნინი. კარგი მოთამაშეები არიან უკრაინის ჩემპიონატშიც - სუდაკოვი, მატვიენკო, უბერებელი სტეპანენკო, რომელიც კვლავ მაღალ დონეს აჩვენებს, მე ის ძალიან მომწონს."
"წარმოგიდგენიათ, რა გუნდი გვყავს? ვფიქრობ, რებროვის ლიდერობით გუნდი ყოველ წელს გაძლიერდება. ყველა მწვრთნელს სურს ასეთ მასალასთან მუშაობა. ყველა საზღვარგარეთ ლიდერის როლშია."
"ერთადერთი გამონაკლისი მუდრიკია, რომელის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საკუთარი თავის ძებნაშია. ის ბევრ ნაბიჯს გადაახტა შახტარიდან ჩელსიში გადასვლით. რთულია ასეთ მოკლე დროში ჩამოყალიბდე, მაგრამ მუდრიკი მებრძოლი ბიჭია, მე ის მომწონს."
მუდრიკი
"მასზე სერიოზული ზეწოლაა, რადგან ინგლისში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთია - ყველაზე ძლიერი კრიტიკა, ჟურნალისტები და მომთხოვნი გულშემატკივრები. ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. ხანდახან მუდრიკზე ისე წერენ, რომ წაკითხვა არ მსიამოვნებს. ინგლისელები მიჩვეული არიან, რომ ასეთ დონეზე ამ რაოდენობის ფულით მათ შემდგარი ფეხბურთელი უნდა იხილონ, რომელიც შედეგს დადებს."
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ