Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური გამოცემა AS-ის იტალიელი ჟურნალისტი, მირკო კალემე, ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე წერს.
„ნაპოლის დასავიწყებელი სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შემდეგ, თავისი ნიჭი მაშინაც დაამტკიცა, როცა მის გარშემო გუნდში აღარაფერი მუშაობდა.
პარტონოპეიში ღრმა კრიზისია, გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა კვარამ დონე მაინც შეინარჩუნა და სერია ა-ში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონატში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარში (101), გააკეთა ყველაზე გამჭოლი გადაცემა (147), ყველაზე ხშირად შეეხო ბურთს მეტოქის საჯარმოში (64) და ყველაზე მეტი ჯარიმა მოიპოვა (70). Transfermarkt-ის მიხედვით, ის 80 მილიონი ევრო ღირს და მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა ვინგერია ვინისიუსის (150 მილიონი) და ლეაუს (90) შემდეგ. 23 წლის ასაკში მის მიერ ნაჩვენები თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა და ქართველი ბარსელონას სამიზნეთა სიაში მოხვდა.
ბლაუგრანას ინტერესი ბოლო კვირების და თვეების მანძილზე საჯარო გახდა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კატალონიური კლუბი კვარას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ბოლო კვირებში აქტიურად აწარმოებს. ხვიჩას აგენტის, მამუკა ჯუღელის თქმით, ის და ხვიჩას მამა ბარსას ფანები არიან და მისი ამ კლუბში გადასვლა გაახარებდათ, თუმცა თავად კვარა რეალის ფანია.
თავის მხრივ, ნაპოლის პრეზიდენტი ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენის დაკარგვისთვის ემზადება (რომლის გამოსასყიდიც 130 მილიონ ევროს შეადგენს) და იმავე სეზონში მეორე ვარსკვლავის დაკარგვაც არ სურს. ხვიჩას ამ ზაფხულსვე გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რომელიმე კლუბი მასში 130 მილიონ ევროზე მეტის გადახდას დათანხმდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
ნაპოლის იდეაა, 2024/25-სეზონის პროექტი უშუალოდ კვარაცხელიას გარშემო ააწყოს. ამის გამო, დე ლაურენტისი მაისში ჯუღელს შეხვდება და ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. შემტევის მომავალი უშუალოდ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. მოქმედი ხელშეკრულებით, კვარას წლიური ხელფასი 1.5 მილიონი ევროა, მაშინ როდესაც ოსიმენი 10 მილიონს იღებს." - წერს იტალიელი ჟურნალისტი.
კომენტარები
9 საათის წინ
3 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ