მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთი წლის წინ, 2024 წლის 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლეგენდარულ დინამო არენაზე თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არცერთ ქართველს არასდროს არ დაავიწყდება ის ემოციები, რომელიც დინამო არენაზე გამართულმა დღემდე ბოლო მატჩმა მოგვგვარა. "გოლი და ევროპის ჩემპიონატზე ვართ.... არიიიიიიიიიიიიიის! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდააა." - თუნდაც ტექსტურად, შეუძლებელია ეს სიტყვები წაიკითხო, გაიხსენო და ჟრუანტელმა არ დაგიაროს, ასე არ არის?
მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა - ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ამაყად წარვსდექით, მთელ საფეხბურთო სამყაროს შევაყვარეთ თავი ჩვენი გაბედული და სანახაობრივი ფეხბურთით, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალი. შემდეგ იყო ერთა ლიგა, სადაც დიდებულად დავიწყეთ, თუმცა ცუდად დავამთავრეთ, ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ და სწორედ ამის გამო გვიწევს ახლა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა.
ამ ყველაფერმა დინამო არენას გარეშე ჩაიარა - ევროპის ჩემპიონატმაც, ერთა ლიგის საშინაო მატჩებმაც, რომელიც გაურკვეველი მიზეზით ყველასთვის საყვარელ და ლეგენდარულ სტადიონზე არ გაიმართა. მთელი ამ ხნის მანძილზე ბორის პაიჭაძის სახელობის ლეგენდარული არენა ნაკრების მატჩის დღეებშიც კი უქმად იდგა. ცოტა უცნაური შეგრძნება კი იყო, ნაკრები რომ დედაქალაქში თამაშობს, ქვეყნის მთავარი სტადიონის მიდამოებში კი სიჩუმეა და ხმაური მხოლოდ ვიღაცის საცხოვრებელი სახლიდან თუ გამოდის...
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკვე დღეს, 2025 წლის 23 მარტს მთავრდება - საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ბრუნდება, სადაც 18:00 საათზე მეზობელ სომხეთს უმასპინძლებს.
ბრუნდება იმისთვის, რომ ერევანში დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, სომხეთს აჯობოს და ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩეს.
პირველივე თამაშმა აჩვენა ამ ორ ნაკრებს შორის სხვაობა და დაამტკიცა, რომ საქართველო არანაირად არ არის C დივიზიონის გუნდი, ამიტომ სხვა სცენარი უბრალოდ გამორიცხული იყო. უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. თამაშის შემდეგ ყველა ფეხბურთელმა ერთხმად აღნიშნა, რომ დასრულებული არაფერია, რომ ეს ფეხბურთია და წინ კიდევ ერთი მატჩია. სახასიათოა, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე არცერთ ჩვენს მოთამაშეს სიტყვა არ დასცდენია - მოედანზე დღეს უკლებლივ ყველა მოსაგებად გადის. მათაც მოენატრათ - ნაკრებიც, გადავსებული დინამო არენაც, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის ჯოჯოხეთის გამოვლის ტოლფასია.
გადავსებული დინამო არენა მორიგი საფეხბურთო ზეიმისთვის, გოლების წვიმისთვის და გამარჯვებისთვის ემზადება. დანარჩენი კი უკვე ფეხბურთელებზეა.
რას გადაწყვეტს ვილი სანიოლი - გადაახალისებს თუ არა შემადგენლობას, ვის დააყენებს სასტარტოში, რამდენად დაასვენებს სასტარტოს წევრებს - ამაზე პასუხს მატჩამდე ერთი საათით ადრე გავიგებთ. მისი პრესკონფერენციიდან მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ ოფიციალური მატჩია და კარს მამარდა დაიცავს. უდიდესი ალბათობით პირველივე წუთებიდან დაიწყებს თამაშს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა. ეს ყველაფერი დეტალებია, რომელსაც უახლოეს საათებში გავიგებთ. მთავარი ამბავი დღეს ის არის, რომ დედაქალაქის მთავარ სტადიონზე საფეხბურთო დღესასწაული ბრუნდება.
დინამო არენა ვეღარ ითმენს! ვეღარც ჩვენ!
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები