მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა დღე დადგა და დღეს კიდევ ორი ჯგუფის ბედი გადაწყდება.
წინა ორი დღისგან განსხვავებით, დღეს (25) და ხვალ (26) 4-4 თამაშს ვიხილავთ.
საფრანგეთი - პოლონეთი [20:00]
მას შემდეგ, რაც გუშინდელ მატჩში ესპანეთმა ალბანეთს მოუგო, საფრანგეთმა, ინგლისმა და ნიდერლანდებმა მინიმუმ მესამე ადგილი გაინაღდეს ჯგუფებში და შესაბამისად, პლეი-ოფში ადგილი უკვე განაღდებული აქვთ. თუმცა, გადასაწყვეტია, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ჯგუფში.
საფრანგეთს ნიღბიანი კილიან მბაპე უბრუნდება, რომელმაც ცხვირი ავსტრიასთან პირველი ტურის მატჩში გაიტეხა, ნიდერლანდებთან მატჩი გამოტოვა, მის გარეშე დარჩენილმა საფრანგეთმა კი მოსაწყენი და ამ დრომდე ევრო 2024-ზე ერთადერთი უგოლო ფრე ითამაშა.
თავის მხრივ, პოლონეთმა ორი ტურის შემდეგ შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. საქმე ის არის, რომ პოლონელებს ამ ჯგუფში მაქსიმუმ 3 ქულის დაგროვებაღა შეუძლიათ - ზუსტად იმდენის, რამდენიც ამჟამად ავსტრიას აქვს. თუმცა, ურთიერთშეხვედრაში ავსტრიამ პოლონეთს 3:1 მოუგო და უპირატესობა მოუპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონეთს ბოლო ადგილიდან ამ ტურნირზე ვეღარაფერი დაძრავს.
საფრანგეთის და პოლონეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია 17 მატჩს ითვლის - 9 გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, 3 - პოლონელებმა, კიდევ 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
უკანასკნელად ამ ორი გუნდის გზები მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიკვეთა, სადაც მბაპეს დუბლით საფრანგეთმა 3:1 მოიგო.
პოლონეთის ბოლო გამარჯვება შორეული 1982 წლით თარიღდება, როცა გუნდმა 4:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი: მენიო, კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო, კანტე, ჩუამენი, გრიზმანი, დემბელე, მბაპე, ტურამი.
პოლონეთი: სკორუპსკი, ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი, ფრანკოვსკი, სლიზი, მოდერი, ჟელინსკი, ზალევსკი, ურბანსკი, ლევანდოვსკი.
ჩვენი პროგნოზი: საფრანგეთი 2:0 პოლონეთი
ნიდერლანდები - ავსტრია [20:00]
როგორც გითხარით, მინიმუმ მესამე ადგილი უკვე ჰოლანდიასაც აქვს დაბევებული, თუმცა აქ უფრო დიდი ინტრიგაა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ავსტრია მეორე ადგილზე გადავა და ჯგუფიდან გასვლის გასანაღდებლად ჯგუფური ეტაპის დასრულების ლოდინი აღარ მოუწევს.
საფრანგეთთან უგოლო ფრემდე, ნიდერლანდებმა პირველ ტურში პოლონეთს მძიმე ბრძოლაში 2:1 მოუგეს. ავსტრიამ კი საფრანგეთთან ავტოგოლით 0:1 წააგო, მეორე ტურში კი პოლონეთს დამაჯერებლად და დამსახურებულად 3:1 აჯობა.
ნიდერლანდების და ავსტრიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 20 მატჩს ითვლის - 10 გამარჯვება ნარინჯისფრებს დარჩა, 6 - ავსტრიელებს, 4 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.
ბოლო მატჩი გუნდებს შორის ევრო 2020-ზე შედგა, როცა ნიდერლანდებმა 2:0 მოიგო. ავსტრიის უკანასკნელი გამარჯვება კი შორეული 1990 წლით თარიღდება (3:2).
სავარაუდო შემადგენლობები
ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე, სკოუტენი, სიმონსი, რეინსიდერსი, ფრიმპონგი, დეპაი, გაკპო
ავსტრია: პენცი, პოში, დანსო, ლიენჰარტი, მვენე, სეივალდი, ლაიმერი, ვიმერი, ბაუმგარტნერი, ზაბიტცერი, გრეგორიჩი.
ჩვენი პროგნოზი: ნიდერლანდები 1-1 ავსტრია
დანია - სერბეთი [23:00]
ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი და დამაინტრიგებელი ჯგუფი, რომელიც ევროზე დარჩა. აქ შანსები ჯერ კიდევ ყველას აქვს - დაწყებული ბოლოადგილოსანი სერბეთით და დამთავრებული დანიით, რომელიც 2 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
პირველ ორ ტურში დანიამ ორი ფრე ითამაშა, ორივეჯერ 1:1 - ჯერ სლოვენიას დაუზავდა, შემდეგ კი ფავორიტ ინგლისს. სერბეთი და დანია აბსოლუტურად ერთნაირი მაჩვენებლებით მე-2 ადგილს იყოფენ, თუმცა მეტოქიდან გამომდინარე, ყველაფერი მაინც დანიის ხელშია, რადგან სლოვენიას მეტოქედ ინგლისი ჰყავს.
დანიას სერბეთის წინააღმდეგ ისტორიაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული და სამივე მოუგო - პირველი 2014 წელს, მეორე 2015-ში, მესამე კი 2022-ში. ამ სამ მატჩში დანიამ მეტოქეს 8 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 1 მიიღო.
ჩვენი პროგნოზი: დანია 2:1 სერბეთი.
სავარაუდო შემადგენლობები
დანია: შმეიხელი, ანდერსენი, კრისტენსენი, ვესტეგორი, კრისტიანსენი, ჰიულმანი, ერიქსენი, ჰოიბიერგი, მელე, ჰოილუნი, ვინდი
სერბეთი: რაიკოვიჩი, ველკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი, ზივკოვიჩი, ილიჩი, ლუკიჩი, მლადენოვიჩი, ტადიჩი, სამარჯიჩი, მიტროვიჩი.
ინგლისი - სლოვენია [23:00]
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს მინიმუმ მე-3 ადგილი და ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს, საუთგეიტის გუნდს მაინც დიდი კრიტიკა ხვდა წილად ამ ტურნირზე - პირველ მატჩში გუნდმა მინიმალურად მოუგო სერბეთს (1:0), მეორეში კი დანიას ვერაფერი მოუხერხა (1:1).
ყველაზე მეტად ინგლისელებს უსახური თამაშის გამო ემდურიან, ამიტომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი კარგი შანსია სამი ლომისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროს და სანახაობა გვაჩუქოს.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არც სლოვენიას აქვს დაკარგული, ამიტომ მატჩი არამარტო ინგლისის სანახაობით, არამედ ტურნირის ინტრიგითაც არის საინტერესო.
ინგლისის და სლოვენიის დაპირისპირების ისტორია 6 მატჩს მოითვლის - 5 გამარჯვება ინგლისმა მოიპოვა, 1-ხელ კი ფრე დაფიქსირდა.
უკანასკნელი მატჩი 2017 წელს შედგა, რომელიც ინგლისმა 1:0 მოიგო, პირველი კი 2009-ში (2:1).
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, გუეჰი, ტრიპირეი, გალაჰერი, ბელინგემი, რაისი, ფოდენი, კეინი, საკა
სლოვენია: ობლაკი, კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიოლი, იანზა, სტოიანოვიჩი, ელშნიკი, გნეზდა ჩერინი, მიაკარი, შპორარი, შეშკო.
ჩვენი პროგნოზი: ინგლისი 2:0 სლოვენია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 საათის წინ
6 საათის წინ
3 საათის წინ