-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის მორიგი გრანპრი გაიმართა, რომელსაც ქალაქ ოსტინმა უმასპინძლა. კვალიფიკაციის გამარჯვებული ლანდო ნორისი (მაკლარენი) გახდა, მე-2 პოზიციიდან რბოლა მაქს ვერსტაპენმა (რედ ბული) დაიწყო, მე-3 იყო კარლოს საინსი (ფერარი), მე-4 კი შარლ ლეკლერი (ფერარი).
რბოლას ძალიან საინტერესო სტარტი ჰქონდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნორისისა და ვერსტაპენის ბრძოლით შარლ ლეკლერმა ისარგებლა და პირველივე წრეზე მეოთხედან პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა.
საბოლოოდ ფერარისთვის რბოლა იდეალურად წარიმართა და ლეგენდარულმა იტალიურმა გუნდმა დუბლიც შეასრულა. რბოლის გამარჯვებული ლეკლერი გახდა, პოდიუმზე მე-2 ადგილი კი კარლოს საინსმა დაიკავა.
პოდიუმი მაქს ვერსტაპენმა დააკომპლექტა, რომელმაც რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა ლანდო ნორისმა ტრასის ლიმიტის დარღვვევისა და ამით უპირატესობის მოპოვების გამო 5-წამიანი ჯარიმა მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა პოზიციის დაკარგვისთვის.
ოსტინის რბოლის ათეული ასე გამოიყურება:
1. შარლ ლეკლერი (ფერარი)
2. კარლოს საინსი (ფერარი)
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
4. ლანდო ნორისი (მაკლარენი)
5. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი)
6. ჯორჯ რასელი (მერსედესი)
7. სერხიო პერესი (რედ ბული)
8. ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი)
9. ლაიამ ლოუსონი (RB)
10. ფრანკო კოლაპინტო (უილიამსი)
სეზონის დასრულებამდე 5 რბოლით ადრე მრბოლელთა საჩემპიონო დავას მაქს ვერსტაპენი ლიდერობს 354 ქულით, მე-2 ადგილზე მყოფ ლანდო ნორისს 297 ქულა აქვს, მე-3 პოზიციაზე კი შარლ ლეკლერია 275 ქულით.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, მაკლარენი პირველზეა 544 ქქულით, მეორე რედ ბულია 504 ქულით, მე-3 ადგილს კი ფერარი იკავებს 496 ქულით.
მომდევნო რბოლა მექსიკაში გაიმართება 27 ოქტომბერს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები