სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იურგენ კლოპი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას რედ ბულში იწყებს.
კომპანიის ოფიციალური განცხადებით იურგენ კლოპი რედ ბულის ფეხბურთის გლობალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხდება. ის საქმიანობას 2025 წლის იანვრიდან შეუდგება და ეს მისი პირველი სამსახური იქნება ლივერპულიდან წამოსვლის შემდეგ.
თავის ახალ პოზიციაზე ქარიზმატული გერმანელი რედ ბულის საფეხბურთო კლუბების საერთაშორისო ქსელზე იმუშავებს. ის კლუბების ყოველდღიურ ოპერაციებში არ ჩაერევა, მაგრამ შეიმუშავებს სტრატეგიულ ხედვას და დაეხმარება სპორტულ დირექტორებს რედ ბულის ფილოსოფიის დანერგვაში. დამატებით, 57 წლის სპეციალისტი ჩაერთვება ორგანიზაციის საერთაშორისო სასკაუტო ოპერაციებში და მონაწილეობას მიიღებს მწვრთნელების განვითარებასა და გადამზადებაში.
"მოედნის კიდესთან 25 წლის გატარების შემდეგ, დიდი აღტაცებით ველოდები ასეთ პროექტში მონაწილეობას. როლი შეიძლება შეიცვალა, მაგრამ ჩემი ვნება ფეხბურთის და იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ თამაშს ქმნის, არ შეცვლილა.
რედ ბულში მოსვლით საერთაშორისო დონეზე მინდა, რომ განვავითარო და მხარი დავუჭირო იმ საოცარ საფეხბურთო ნიჭს, რომელიც ჩვენს ხელთაა. ამის გასაკეთებლად კი ბევრი გზა არსებობს, იმ ელიტური ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც რედ ბულს აქვს სხვა სპორტის სახეობებიდან და ინდუსტრიებიდან.
ერთად ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რა არის შესაძლებელი. ჩემს როლს პირველ რიგში ვხედავ, როგორც რედ ბულის კლუბების მენეჯმენტისა და მწვრთნელების მენტორად, მაგრამ რაც მთავარია მე ორგანიზაციის ერთი ნაწილი ვიქნები. როგორც უკვე ვთქვი, აღტაცებული ვარ." - განაცხადა იურგენ კლოპმა.
გერმანელმა სპეციალისტმა გასული სეზონის ბოლოს ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მას შემდეგ უმუშევარი იყო, 2025 წლის იანვრიდან კი ის ახალ როლში მოგვევლინება.
რედ ბულის მფლობელობაში 5 საფეხბურთო კლუბი შედის - ლაიფციგი (გერმანია), ნიუ იორკ რედ ბულსი (აშშ), ბრაგანტინო (ბრაზილია), რედ ბულ ბრაზილი (ბრაზილია) და ზალცბურგი (ავსტრია).
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები