-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაასახელა.
ამ სიახლეში შევეცდებით, 51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი შედარებით უკეთ გაგაცნოთ.
ფონსეკამ სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში დაიწყო და ქვედა ლიგებისა და პატარა პორტუგალიური გუნდების გამოვლის შემდეგ, 2013 წელს პორტო ჩაიბარა, რომელთან ერთადაც სუპერთასი მოიგო, თუმცა დიდხანს ვერ გაჩერდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში პაკოშ ფერეირაში დაბრუნდა.
2015-ს ივლისში ფონსეკამ ბრაგა ჩაიბარა, რომელთან ერთადაც პრიმეირა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და 50 წლის შემდეგ პირველად, გუნდს პორტუგალიის თასი, ფინალში პორტოს პენალტების სერიაში დამარცხებით მოაგებინა, ევროპა ლიგაზე გუნდმა მეოთხედფინალში შეძლო გასვლა.
2016 წლის მაისში ფონსეკამ პირველად გადაწყვიტა ბედის საზღვარგარეთ ცდა და 12-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, შახტარის სათავეში უკრაინელთათვის ლეგენდარული მირჩა ლუჩესკუ ჩაანაცვლა. კარიერის ეს ეტაპი პორტუგალიელისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, ის გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელაც - სუპერთასი.
შახტართან ერთად მოგებული ტიტულები პორტუგალიელისთვის დღემდე უკანასკნელი რჩება - მას შემდეგ მან რომაში, ლილსა და მილანში იმუშავა, თუმცა თასის მოგება ვერსად ვერ შეძლო. პრინციპში, მილანთან ერთად ამის შანსიც არ მისცემია, რადგან გუნდს მხოლოდ 5 თვე ედგა სათავეში და შემდეგ ადგილი თანამემამულე სერჟიო კონსეისაუს დაუთმო.
სამწვრთნელო კარიერაში ფონსეკამ ყველაზე მეტი მატჩი შახტარში ჩაატარა - 139, საიდანაც 103 მოიგო, 19-ჯერ ფრე ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა. რაც შეეხება ზოგად ციფრებს, პორტუგალიელის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
708 მატჩი - 308 მოგება (52.82%), 178 ფრე და 156 მარცხი. მისმა გუნდებმა ჯამში 1198 გოლი გაიტანეს და 725 საკუთარ კარში მიიღეს.
რაც შეეხება საყვარელ ფორმაციას, ყველაზე ხშირად ფონსეკა მოედანზე 4-2-3-1 ტაქტიკით გამოდის მოედანზე, რაც გიორგი მიქაუტაძისთვის არც ისე კარგი ამბავი გამოდის, რამეთუ ლიონში ჯერ კიდევ იმყოფება გუნდის ლეგენდა ალექსანდრ ლაკაზეტი.
ზოგადადაც, ფონსეკა სკანდალური მწვრთნელების კატეგორიაშიც გადის - რად ღირს მხოლოდ მილანში გატარებული 5-თვიანი პერიოდი, სადაც ამ მოკლე მონაკვეთში მან რაფა ლეაუსთან და ტეო ერნანდესთან მოახერხა ურთიერთობის გაფუჭება იმდენად, რომ შემდეგ გუნდის ლიდერებს სასტარტოშიც არ აყენებდა დიდი ხნის განმავლობაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები