ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალის ნახევარფინალის საგზური ლოს ანჯელესში ბელგიის წინააღმდეგ მოპოვებული 2:1 გამარჯვებით გაინაღდა.
გადამწყვეტი გოლი კვლავ შეცვლაზე შემოსულმა მიკელ მერინომ გაიტანა.
,,ლა როხა" მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში მხოლოდ მეორედ გავიდა. პირველად ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც გუნდმა სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა.
ამასთან, ესპანეთმა საკუთარ ისტორიაში წაუგებელი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია დაამყარა. „ლა როხას“ 2024 წლის მარტში კოლუმბიასთან 0:1 მარცხის შემდეგ უკვე 36 შეხვედრაა არ წაუგია.
ფინალის საგზურისთვის ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება და ლამინ იამალი აცხადებს, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონს მეტოქის შიშის არანაირი მიზეზი არ აქვს.
თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს საფრანგეთია. ჩვენ ისინი უკვე დავამარცხეთ და ტურნირებიდან გამოვთიშეთ [EURO 2024-სა და 2024/25 წლების ერთა ლიგაზე].
ჩვენ ორი დიდი გუნდი ვართ, ჩემი აზრით, ორი საუკეთესო, მაგრამ არავის გვეშინია“, - განაცხადა იამალმა.
იამალის მოსაზრებას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც იზიარებს.
„სამართლიანია ვიფიქროთ, რომ მათ დასამარცხებლად ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისინიც ისევე ღელავენ.
ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ისინი ზედიზედ ორ მატჩში დაამარცხა. ერთი დიდი გუნდი მეორე დიდ გუნდს დაუპირისპირდება“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
კურტუას საბედისწერო ტრავმა და ისევ მერინო - ესპანეთი 1/2 ფინალშია