1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
9 თებერვალს UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ილიას ძმაა.
სპორტულ სამყაროს მორიგი ძმები ემატებიან თოფურიების სახით. სხვადასხვა სახეობაში უამრავი ძმა გვინახავს და ცხადია ყველას გახსენება შორს წაგვიყვანს, თუმცა მოდით, გავიხსენოთ გამორჩეული რამდენიმე მათგანი.
არველაძეები
პირველ რიგში, ალბათ, ქართველ სპორტსმენ ძმებზე ბევრს ძმები არველაძეები გახსენდებათ. იშვიათია 3 ძმას ეროვნულ გუნდში ეთამაშოს, შოთამ, აჩიმ და რეზიმ კი ეს მოახერხეს და ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც ჩაეწერნენ. შოთა არველაძე საერთოდაც საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით.
გასოლები
ძმები გასოლები დიდი ხნის განმავლობაში ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერები იყვნენ და ფურია როხას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ისინი არაერთგზის ოლიმპიური მედალოსნები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან. პაუსა და მარკს NBA-შიც გამორჩეული კარიერა ჰქონდათ და ჩემპიონები აქაც გამხდარან.
შუმახერები
ყველამ იცის ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შესახებ, რომელიც ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონია, თუმცა შესაძლოა ვინც ამ სპორტში ჩახედული არაა, არ ახსოვდეს, რომ მიხაელის ძმა, რალფიც მრბოლელი იყო. ცხადია, მას ძმისნაირი კარიერა არ გამოუვიდა, თუმცა რალფმა ფორმულა 1-ში 6 რბოლის მოგება მოახერხა და ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა, როცა ძმები პოდიუმზე ერთად იდგნენ.
კლიჩკოები
მებრძოლ ძმებზე შეიძლება ბევრს კლიჩკოები გაგახსენდეთ. ვიტალი და ვლადიმირი დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ კრივის სამყაროში და ისინი გინესის რეკორდსმენებიც არიან. უკრაინელ ძმებს მძიმე წონის ტიტულზე ყველაზე მეტი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.
დიასები
MMA-ს სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ძმები დიასები იყვნენ. ნიკი და ნეიტი ყოველთვის თავიანთი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ, რაც მათ ბრძოლებში ნათლად ჩანდა. ისინი არასდროს ნებდებოდნენ ადვილად და მაყურებელს ყოველთვის სანახაობრივ ბრძოლებს სთავაზობდნენ.
პეტისები
2013-დან 2015 წლამდე UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ენტონი პეტისი იყო, რომელმაც ქამრის დაცვა ერთხელ მოახერხა. 2013 წელს UFC-ში შედგა მისი ძმის, სერხიოს დებიუტიც, თუმცა მან უფროსი ძმის მსგავს წარმატებას ამ ორგანიზაციაში ვერ მიაღწია. სამაგიეროდ 2021 წელს უმცროსი ძმა ბელატორის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და ტიტული 2-ჯერ დაიცვა.
თოფურიები
9 თებერვალს UFC-ის ისტორიაში მორიგი ძმები ჩაეწერებიან. ილიას შესახებ უკვე ყველამ იცის, მან ქვემსუბუქი წონის ორი უდიდესი მებრძოლი, ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი ზედიზედ გათიშა და დივიზიონის ქამარს დამსახურებულად ატარებს. ახლა კი მისი უფროსი ძმის, ალექსანდრეს დებიუტი შედგება კოლბი თიქნესთან, ილიას კი მის კუთხეში ვიხილავთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ე
ელგუჯა მარღია
შემოგევლეთ ილია და ალექსანდრე! საამაყო ქართველები ხართ და გაუტეხელი, დაუმარცხებელი სამშობლოს გამოვლინება...იქნებ აღზევდეს კვლავაც, მტრების ჯინაზე, ქართული სული...ამინ! წინ გამარჯვებებით!