Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვებების გახსენებას და დღეს, ბულგარეთთან ისტორიული მოგების ჯერი დადგა.
წინა ნაწილი: ხორვატებს გავუტანეთ, ბოლო წუთზეეეეე - დიდი გამარჯვებები [ნაწილი 3]
ევრო 1996-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბულგარეთთან, გერმანიასთან, ალბანეთთან, უელსთან და მოლდოვასთან მოხვდა.
აღნიშნული ჯგუფური ეტაპი ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის ისტორიული გამოდგა - საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი 15 ქულით დაიკავა და უკან ალბანეთი, უელსი და მოლდოვა მოიტოვა. ვინ იცის, ბოლოადგილოსან მოლდოვასთან ორივე მატჩის წაგება რომ არა, რომელზე გავიდოდით...
ცხრილის მდგომარეობა მატჩის შემდეგ:
ახლა კი უშუალოდ მატჩზე გადავიდეთ - ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში, დინამო არენას 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ბულგარეთის ნაკრები ესტუმრა, რომლის შემადგენლობაშიც ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული, ხრისტო სტოიჩკოვი ირიცხებოდა.
ბულგარეთის ნაკრები 22 ქულით ჯგუფის ლიდერი იყო, საქართველო კი 12 ქულით მე-3 ადგილს იკავებდა.
მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა:
ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (ბესიკ ბერაძე, 83'), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახაბერ გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კილასონია, 75'), არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი, 46'), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე.
თამაშის საწყისმა წუთებმა სტოიჩკოვს და კომპანიას ცივი შხაპი გადაასხა - ჯამარაულმა შოთა არველაძე მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და იმდროისთვის ტრაბზონსპორის ფორვარდმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - საქართველოს ნაკრები პირველივე წუთზე დაწინაურდა.
მეორე ნახევრის სტარტზევე, სტუმართა მეკარემ მიხაილოვმა საჯარიმოში კახაბერ გოგიჩაიშვილი წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქინქლაძემ გოლად აქცია - საქართველოს ნაკრები 48-ე წუთზე მუნდიალის მესამეადგილოსანს 2:0-ს ამარცხებს.
დარჩენილ დროში ბულგარელებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა ჩივაძის ბიჭები მეტოქის შეტევებს 88-ე წუთამდე წარმატებით იგერიებდნენ. მატჩის მიწურულს, სტოიჩკოვმა ერთი ბურთი გაქვითა და როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი პირველად დაამარცხა, ამიტომ 1995 წლის 11 ოქტომბერი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.
მართალია, ამ გამარჯვებამ ჩვენს ნაკრებს დიდი ვერაფერი სარგებელი მოუტანა - 15 ქულით, მესამე ადგილზე დავრჩით და უახლოეს მდევარ მოლდოვას 6 ქულით გავუსწარით.
საბოლოო ცხრილი:
სამაგიეროდ, თბილისში დაკარგული სამი ქულა ბულგარეთს პირველი ადგილის ფასად დაუჯდა - ბოლო ტურში, ბულგარელები გერმანიასთანაც დამარცხდნენ (1:3) და ჯგუფის ლიდერობა სწორედ მათ დაუთმეს, თავად კი ევრო 1996-ზე მეორე ადგილით გავიდნენ.
ამის ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულია გააზრება, რომ მეოთხეადგილოსანმა მოლდოვამ თავისი 9 მოპოვებული ქულიდან 6 - საქართველოს ნაკრებთან მოიპოვა. აუთსაიდერი რომ ორივე მატჩში დაგვემარცხებინა, 21 ქულა გვექნებოდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებდით. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორია იქნებოდა...
კომენტარები
7 საათის წინ
10 საათის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ