ესტადიო აცტეკაზე გილერმო „მემო“ ოჩოასთვის დაუვიწყარი საღამო შედგა.
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა და ისტორიაში 6 მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრილი მხოლოდ მე-3 ფეხბურთელი გახდა, ლეგენდარულმა მეკარემ წლევანდელ ტურნირზე თავისი პირველი მატჩიც ჩაატარა.
როდესაც „ელ ტრი“ 77-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირეს, გადაწყვეტილებით სასტარტო მეკარე რაულ რანხელი შეცვალეს და მოედანზე ოჩოა შევიდა, რათა თავისი დიდებული კარიერის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშო წუთები მიეღო.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა აგირეს ჰკითხა, რა სათაურს დაარქმევდა მექსიკის დამაჯერებელ გამარჯვებას. მწვრთნელმა დაუფიქრებლად უპასუხა:
ეს მემო ოჩოას საღამო იყო.
აგირემ ასევე აღნიშნა, რომ ვეტერანი მეკარე სრულად იმსახურებდა ტრიბუნებიდან წამოსულ უზარმაზარ სიყვარულსა და ოვაციებს.
მოედანზე გამოსვლით ოჩოამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობა 12-მდე გაზარდა და მექსიკის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, სადაც ჰექტორ მორენოსა და ხავიერ „ჩიჩარიტო“ ერნანდესს გაუთანაბრდა.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ოჩოასთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტი იყო. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის რაულ რანხელის შემცვლელად ჩავიდა და, ჩვეულებრივ პირობებში, სავარაუდოდ, სათამაშო შანსი მხოლოდ ტრავმის შემთხვევაში მიეცემოდა.
თუმცა, როდესაც გამარჯვება უკვე განაღდებული იყო, „მემომ“ შესაძლებლობა მიიღო, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოჯერ გასულიყო მოედანზე.
„ამდენი წელი მიტრიალებს თავში, ამდენი ისტორია... ჩემი პირველი მატჩი აქ, ამ მოედანზე მოგებული თასები, ეროვნული ნაკრების მაისურით განცდილი მნიშვნელოვანი მომენტები და გულშემატკივრების სიყვარული,“ - თქვა ოჩოამ მატჩის შემდეგ მოედანზევე მიცემულ ინტერვიუში.
ვეტერანი მეკარე განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ისტორიული მომენტის განცდის შესაძლებლობა მისცა.
უზომოდ მადლიერი ვარ გულშემატკივრების, თანაგუნდელების და ჩემი მწვრთნელის, რომ ამ უკანასკნელი განსაკუთრებული მომენტის განცდის საშუალება მომცეს.