დანტეს დაბრუნება მიუნხენის ბაიერნში, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
ბრაზილიელთან ერთად, კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა შესაძლოა ზებენერ შტრასეზე დაბრუნდეს. Bild-ის ცნობით, ფრანკ რიბერი გერმანიის მრავალგზის ჩემპიონებს უერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი კლუბის სარეზერვო გუნდის მწვრთნელის ასისტენტი გახდება და მომავალში დანტეს „მეორე ნომერი“ იქნება.
Sky Sport იტყობინება, რომ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ის მომავალ ზაფხულს კლუბის U23 გუნდს ჩაიბარებს და ჰოლგერ ზაიტცს შეცვლის. ზაიტცი მეორე გუნდს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, თუმცა ახლა სამწვრთნელო საქმიანობას ტოვებს კამპუსის ახალი დირექტორის, მიხაელ ვიზინგერის მიერ დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში.
რიბერის ძალიან სურს ზებენერ შტრასეზე დაბრუნება, თუმცა მათ შორის ის დეტალები, თუ რა როლს მოირგებს 43 წლის ფრანგი, ჯერ კიდევ ზუსტდება. ფრანკმა მიუნხენის ბაიერნში 12 წელი გაატარა (2007-2019) და გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად იქცა. მან კარიერა 2022 წელს სალერნიტანაში დაასრულა, სადაც 2024 წლის მარტამდე ტექნიკურ მწვრთნელადაც იმუშავა.
სამწვრთნელო გამოცდილებაზე საუბრისას, რიბერიმ 2025 წელს Bild-ს განუცხადა:
გასულ წელს წარმატებით დავასრულე UEFA A სამწვრთნელო ლიცენზიის კურსი
გასულ შემოდგომაზე მან ასევე დაიწყო Pro ლიცენზიის კურსი, რაც მას პროფესიონალური გუნდების გაწვრთნის უფლებას მისცემს. როგორც ჩანს, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდების ტანდემი სარეზერვო გუნდში უკვე რეალობაა.