-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე ოსერი მიიღო. სასტარტო შემადგენლობიდან თამაშის შანსი მიეცა გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც მოედანზე 78 წუთი გაატარა.
პირველი ტაიმის ბოლოს ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესები დაირღვა და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ლიონმა ტაიმი სწორედ ამ გოლით მოიგო, მიქაუტაძემ კი ნავსი გატეხა და ოლიმპიკის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
47-ე წუთზე ოსერმა სინალი დიომანდეს გოლით ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე კი მიქაუტაძემ ამჯერად თამაშიდან გაიტანა. საიდ ბენრაჰმას საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გიორგიმ თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი და ანგარიში 2-1 გახადა.
ლიონმა უპირატესობა კვლავ ვერ შეინარჩუნა და 72-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა, გოლი ამჯერად ჰამედ ტრაორემ მიითვალა.
მიუხედავად მიქაუტაძის დუბლისა, ლიონმა 3 ქულა მაინც ვერ მოიპოვა და ქულას დასჯერდა.
ქართველმა თავდამსხმელმა Sofascore-ის მიხედვით 9.1 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ლიონი კი 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. გიორგის ანგარიშზე კი 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაცაა.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის მე-9 ტურში დუბლი ზურიკო დავითაშვილმაც შეასრულა, რომელმაც 2 გოლი ანჟერს გაუტანა. ოსერი ამ სეზონში ზურიკომაც დაამწუხრა და პირველი ჰეთთრიქიც სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ შეასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები