არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის სტადიონებზე ქალებს შორის რაგბის მსოფლიო თასის რიგით მე-10, საიუბილეო გათამაშება მიმდინარეობს.
ჩემპიონობისთვის მებრძოლ 16 გუნდს შორის ფავორიტები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია და მასპინძელი ინგლისი არიან. წარმატების შანსები ასევე აქვთ ტრადიციულად, სტაბილურად მოასპარეზე საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ნაკრებებს.
ქალებს შორის მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირის საძირკველზე საუბარს შორს მივყავართ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ დაიწყეს ქალებმა რაგბის თამაში, ძალზე მწირია. ცნობილია ის, რომ 1884 წელს, ჩრდილო ირლანდიის ქალაქ ენისკილენში მდებარე პორტორას სამეფო სკოლამ ჩამოაყალიბა სკოლის პირველი რაგბის გუნდი, რომელშიც ირიცხებოდა ახალგაზრდა ქალი, სახელად ემილი ვალენტაინი. იგი ოფიციალურად ითვლება პირველ ქალ პროფესიონალ მორაგბედ.
გარდა ამისა, 1891 წელს არსებობს ჩანაწერი ახალ ზელანდიაში ქალთა გუნდის შექმნის მცდელობის შესახებ, თუმცა ეს ყველაფერი სოციალური მიუღებლობის გამო შეჩერდა და გუნდი იძულებული გახდა, დაშლილიყო. საერთოდაც, იმხანად ქალებს რაგბი ფარულად უნდა ეთამაშათ, რათა თავიდან აეცილებინათ საზოგადოებრივი, სოციალური თუ გენდერული ზეწოლა.
1917 წელს კი დოკუმენტირებულია კარდიფის „არმს პარკში“ გამართული პირველი ოფიციალური საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც ქალთა გუნდები, Cardiff Ladies და Ladies მონაწილეობდნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც საზოგადოებაში ქალების როლები მკვეთრად შეიცვალა, ქალთა რაგბიმ ფესვების ღრმად მოკიდება დაიწყო. 1962 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ქალთა რაგბის კავშირის გუნდი, ხოლო პირველი სრულად დოკუმენტირებული ქალთა საკლუბო მატჩი საფრანგეთში გაიმართა.
ამ ყველაფერმა ქალთა რაგბის კავშირის პირველი ეროვნული ასოციაციის, AFRF-ის შექმნა და ქალთა რაგბის კავშირების ჩამოყალიბება განაპირობა კანადის, აშშ-ს, ნიდერლანდებისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში. 1978 წელს კანადა და ნიდერლანდები პირველები იყვნენ, რომლებმაც არასაუნივერსიტეტო ქალ მორაგბეთა კლუბები შექმნეს და მათ მალე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მიყვნენ.
რაგბიში ქალთა შორის მსოფლიოს პირველობა 1991 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს უელსში, ისევე როგორც მომდევნო ტურნირზე შოტლანდიაში, 12 ნაკრები მონაწილეობდა. 1998 წელს, მსოფლიო თასის მესამე გათამაშება კი 16-გუნდიანი იყო და მისი ორგანიზატორი მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანო IRB (ამჟამინდელი World Rugby) გახდა.
საწყის მსოფლიო თასს ერთი წლით ადრე ასევე უძღოდა სამოყვარულო საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ქალთა რაგბის მსოფლიო ფესტივალის სახელს ატარებდა.
1991 წელს უელსში გამართული პირველობის გამარჯვებული აშშ გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისი 19:6 დაამარცხა. იგივე ფინალი განმეორდა ედინბურგში გამართულ 1994 წლის ფინალში, თუმცა ამჯერად „წითელმა ვარდებმა“ შეძლეს ამერიკელების ძლევა (38:23).
ორივე გათამაშებაში ბრინჯაოს მედლები საფრანგეთმა მოიპოვა, საერთოდაც 9 გამართული ჩემპიონატიდან ფრანგებმა შვიდჯერ შეძლეს ბრინჯაოს დაუფლება, ფინალში კი არასდროს უასპარეზიათ. რაც შეეხება ამ ტურნირის ყველაზე წარმატებულ გუნდს, ასეთი ნაკრები ახალი ზელანდიაა, რომელმაც ცხრა გათამაშებიდან ექვსჯერ შეძლო ფინალში გასვლა და ექვსივეჯერ ჩემპიონი გახდა. „შავმა გვიმრებმა“ ექვსიდან ხუთ შემთხვევაში, ფინალში ინგლისს სძლიეს, ერთხელ კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს. საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიის ძლევამოსილ ქალთა ნაკრებს სხვა სინჯის მედალი არ აქვს.
2019 წლის აგვისტოში, World Rugby-მ გამოაცხადა, რომ „ქალთა თამაშის პროფილის ამაღლების“ მიზნით, იქამდე არსებული რაგბის ქალთა ჩემპიონატი 2021 წლიდან „რაგბის მსოფლიო თასის“ სახელს გენდერული მითითების გარეშე მიიღებდა. გადაწყვეტილების მიზანი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და „ნებისმიერი მანამდე არსებული ან აღქმული სტერეოტიპის აღმოფხვრა“ იყო. თავმჯდომარე ბილ ბომონტის განმარტებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის მუდმივ და ურყევ ერთგულებას აჩვენებდა ქალების რაგბიში პროგრესის მიმართ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
ქალთა რაგბის წლევანდელ პირველობას ერთი დებიუტანტი ჰყავს - ბრაზილიელებმა ტურნირზე თამაში უფლება კოლუმბიის პლეი-ოფში ძლევით მოიპოვეს, თუმცა მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრაში სამხრეთ აფრიკასთან უშანსოდ 6:66 დამარცხდნენ. თავის მხრივ, „სპრინგბოკებმა“ ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე შეხვედრა მოიგეს მსოფლიო თასზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეხუთედ მონაწილეობენ ამ ტურნირში.
მიმდინარე გათამაშებაში პირველი ტური დასრულდა. თექვსმეტივე გუნდმა ჯერ თითო შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ინგლისისა და შეერთებული შტატების გახსნითი მატჩი სანდერლენდში, რომელშიც მასპინძლებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს.
ტურნირი გამარჯვებით დაიწყო ახალმა ზელანდიამაც, რომელმაც იორკის „ქომიუნითი სთედიუმზე“ ესპანეთს იოლად სძლია.
პირველი წრის სხვა შეხვედრებს შორის საფრანგეთი-იტალიის პრინციპული დაპირისპირება და შოტლანდია-უელსის ბრიტანული ჯახია გამოსარჩევი.
მექულეებს შორის კანადელი ჯულია შელი დაწინაურდა, რომლის ანგარიშზეც ფიჯის ნაკრების განადგურებისას აღებული 30 ქულა და 6 ლელოა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები