პორტუგალიის ნაკრებისა და მილანის თავდამსხმელმა, გონსალუ რამოშმა, მწვრთნელთან უთანხმოების ფონზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ სანაკრებო შეკრების დატოვება შეაფასა.
Canal 11-ის ეთერში რამოშმა განაცხადა, რომ თანაგუნდელის წასვლამ ნაკრებში გაურკვევლობა და მღელვარება გამოიწვია.
„კრიშტიანუს წასვლა უცნაური იყო. ვარჯიში გვქონდა, ის კი უკვე აღარ იყო. ნაკრების გარშემო დიდი ხმაური ატყდა. კრიშტიანუს ნებისმიერი საქციელი, კარგი იქნება თუ ცუდი, დიდ გამოხმაურებას იწვევს. ეს ყველაფერი დაუჯერებლად გვეჩვენებოდა. ვერც კი გავიგეთ, ნამდვილად წავიდა თუ არა.
ამ სიტუაციას ვერ უგულებელვყოფთ, თუმცა მის წასვლას ჩვენ ვერ შევაჩერებდით - ეს ფედერაციის საქმეა. ასეთი მდგომარეობა არავის სჭირდება. ვფიქრობ, შესაძლოა, თავად კრიშტიანუც არ იყოს კმაყოფილი თავისი გადაწყვეტილებით, მაგრამ ალბათ საკუთარი მიზეზები აქვს“, - თქვა რამოშმა.
თავდამსხმელის თქმით, დაბრუნების შემთხვევაში რონალდუს თანაგუნდელები ჩვეულებრივად შეხვდებიან.
„მას ისეთივე სითბოთი მივიღებთ, როგორც ნებისმიერ სხვა თანაგუნდელს. ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო მასთან საუბარს ხომ არ შევწყვეტთ? რა თქმა უნდა, არა. ასეთი რამ ყველას ემართება.
თუ კრიშტიანუ შეკრებაზე დაბრუნდება, ისევე მივესალმები, როგორც ყოველთვის. მწვრთნელთან და ფედერაციასთან სიტუაციის მოგვარება კი თავად მოუწევს“, - აღნიშნა რამოშმა.