Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეიდან, ჩვენთვის ისტორიულ თარიღამდე, ანუ 21 მარტამდე, ჩვენს საიტზე იხილავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საუკეთესო გამარჯვებების ისტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა კონტექსტი ახლავს.
მთავარ ფოტოზე:
დგანან: ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია, დავით ყიზილაშვილი, კახა ცხადაძე
სხედან: გიორგი დარასელია, თემურ ქეცბაია, მელორ ბიგვავა, გია ჯიშკარიანი, გია კილასონია, დავით ცომაია
რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ იმით, რითიც ყველაფერი დაიწყო - უფრო კონკრეტულად კი, 1991 წლის 2 ივლისით, სადაც დამოუკიდებელმა საქართველომ ისტორიაში პირველი გასვლითი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა.
აუცილებლად უნდა გაგაცნოთ შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი გამართა:
ნიკა ჩხეიძე, დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია, დავით ყიზილაშვილი, კახა ცხადაძე, გიორგი დარასელია, თემურ ქეცბაია, მელორ ბიგვავა, გია ჯიშკარიანი, გია კილასონია, დავით ცომაია - სწორედ ეს ბიჭები გაიყვანა კიშინიოვში სათამაშოდ ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა, ანატოლი (გიგა) ნორაკიძემ.
გამოცემა სარბიელმა ამ მატჩზე ჟურნალისტი, ილია ბაბუნაშვილი გაუშვა, რომლის რეპორტის ციტირებასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:
თამაში მოლდოველებმა დაიწყეს, რომლებმაც ყვითელ-ლურჯ-წითელი ფორმით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა მთლიანად თეთრი ეკიპირებით ითამაშა.
მე3 წუთზე მასპინძელთა გოლკიპერმა სერგეი კვასნიკოვმა დავით ყიზილაშვილის დარტყმული ბურთი დაიჭირა და მსაჯმა, მოლდოველმა ალექსანდრ გორინმა თამაში შეაჩერა – კიშინიოვის რეპუბლიკანზე შეკრებილმა 7 ათასმა ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. და ბარემ აქვე დავწერ, რომ ბილეთების გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი საქართველოში, სტიქიით დაზარალებული რაიონების დახმარების ფონდში გადაირიცხა…
თამაშის განახლება და სტუმართა გოლი ლამის ერთი იყო: თემურ ქეცბაიამ, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ თბილისის იბერიაში თამაშობდა, დაახლოებით 25-27 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე13 წუთზე სტუმართა უპირატესობა გაიზარდა: გოლი ნაკრების დებიუტანტმა, ქუთაისის 22 წლის შემტევმა გიორგი დარასელიამ შეაგდო – 0:2.
დაწინაურების შემდეგ ქართველებმა ინიციატივა მეტოქეს დაუთმეს და თბილისის იბერიის 22 წლის გოლკიპერი ნიკა ჩხეიძეც, ვინც იმ დღეს პირველად გამოჩნდა კარში, ორჯერ ჩაერთო თამაშში – ორივე შემთხვევაში პეტრე სარბუს არ გაატანინა გოლი.
მაგრამ 27ე წუთზე მასპინძლებმა ერთი საპასუხო ბურთი მაინც შეაგდეს: დაცვის ცენტრი შეცდა, ალექსანდრუ სპირიდონი ჩხეიძესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა – 1:2.
შესვენებამდე არაფერი შეცვლილა, მეორე ტაიმი კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვლავ 2:1 მოიგო.
50ე წუთზე მოლდოველებმა ანგარიში გაათანაბრეს – შეცვლაზე შესულმა გეორგე ჰარეამ ივარგა, მაგრამ საერთო ჯამში უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და საბედნიეროდ, დარჩენილ დროში უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს.
79ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანს გააქვს გოლი – სოხუმის ცხუმის 21 წლის თავდამსხმელი მელორ ბიგვავას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. დიმიტრი კუდინოვის პასის შემდეგ ჯიშკარიანმა ეფექტურად მოატყუა მეტოქე და კარგადაც დაარტყა – 2:3.
88ე წუთზე მასპინძლებმა მეოთხედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში: მიხეილ ჯიშკარიანმა სწრაფად გაუთამაშა ბურთი სეხნია ყაველაშვილს და თბილისის იბერიის 19 წლის შემტევმაც შეტევა გოლით დააგვირგვინა – 2:4. ყაველაშვილი ყიზილაშვილის ნაცვლად შევიდა მინდორზე.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს სპეციალური პრიზები გადაეცათ: მოლდოველთაგან კაპიტანი სერგიუ სარბუ გამოარჩიეს, საქართველოს ნაკრებიდან მეკარე ნიკა ჩხეიძე.
აქვე იმასაც დავწერ, რომ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა შორის იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ: #13 – გოჩა ტყებუჩავა, #14 – მამუკა მაჭავარიანი, #16 – მეკარე მამუკა გვასალია.” - ასეთი ტექსტით გადმოსცა მატჩზე მყოფმა ილია ბაბუნაშვილმა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შეხვედრა.
მატჩის შემდეგ, გიგა ნორაკიძემ პრესკონფერენციაზე, ასე ილაპარაკა:
„მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავს თამაშის ჩვენებური ვარიანტი მოგვეხვია. თავიდან ბიჭებმა ჩემი დავალებები იდეალურად შეასრულეს, შემდეგ მეტოქემ მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ისევ გავაქტიურდით. ცვლილებებმაც კარგად გაამართლა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აუტანელი სიცხე იდგა (37 გრადუსი), რამაც ბიჭების გადაღლა განაპირობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ჩვეულ მაღალ დონეზე ითამაშეს ნიკა ჩხეიდძემ, დიმიტრი კუდინოვმა, გია ჯიშკარიანმა, გიორგი დარასელიამ და შეცვლაზე შემოსულმა ორმა მიშამ - ჯიშკარიანმა და ყაველაშვილმა. უკმაყოფილო არც დანარჩენებით ვარ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და მიზანსაც მივაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ნაკრებმა პირველი გამარჯვება ჩემი ხელმძღვანელობით მოიპოვა.” - აღნიშნა ნორაკიძემ.
ასე და ამგვარად მოიპოვა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი გამარჯვება. თუმცა, ყველაზე ხმაურიანი, რა თქმა უნდა წინ არის…
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ