Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და გამორჩეული გამარჯვებების გახსენებას.
საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვების გახსენების შემდეგ, დადგა დრო, ისტორიული კონტექსტით ყველაზე დიდი გამარჯვებაც გავიხსენოთ.
ევრო 2004-ს შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 2002 წლის 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ისტორიულ მოსისხლე მტერს, რუსეთს დაუპირისპირდა.
როგორც იმ დროს უწოდებდნენ, ლოკომოტივის სტადიონზე მატჩის მე-40 წუთზე შუქი ჩაქრა. შემდეგ მოვიდა, თუმცა საბოლოოდ, მატჩის გადადება გადაწყდა და თამაში 2003 წლის 30 აპრილზე დაინიშნა.
30 აპრილს, ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, საქართველოს ნაკრები რუსეთს იმავე სტადიონზე დაუხვდა. ვისაც გაუმართლა და ბილეთი ჰქონდა - ტრიბუნაზე იჯდა, ვისაც არა, იმათთვის ვაკის პარკში დიდი ეკრანი დააყენეს, სადაც იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ათასობით გულშემატკივარი საკუთარი ქვეყნის საგულშემატკივროდ შეიკრიბა.
საქმე ისაა, რომ უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივრები მატჩს 2002 წლის თამაშისთვის ნაყიდი ბილეთებით უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ბევრ ადამიანს ის ბილეთები ან დაკარგული ჰქონდა, ან სულაც გადაგდებული, რამაც ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია, ტრიბუნებზე კი - არაერთი ცარიელი ადგილი.
ჩვენი ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, ხორვატმა ივო შუშაკმა, მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: ლომაია, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბურდული (შაშიაშვილი), ასათიანი (დიდავა), ხიზანეიშვილი, კახი კალაძე, ცქიტიშვილი, ნემსაძე, დემეტრაძე, აშვეთია (ალექსიძე).
მატჩის ერთადერთი გოლი, როგორც ალბათ თქვენც იცით, მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელმა, მალხაზ ასათიანმა, დემეტრაძის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და რუსეთთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი არა იმდენად სატურნირო, არამედ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე.
ამ მარცხის მიუხედავად, რუსეთის ნაკრები ევრო 2004-ზე მაინც მოხვდა, ჩვენმა ნაკრებმა კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა თბილისური მარცხი რუსებს დიდი ხნის მანძილზე არ ავიწყდებოდათ და ერთ-ერთმა გამოცემამ ამ წაგებას "ეროვნული სირცხვილიც" კი უწოდა.
რუსეთის მაშინდელმა მწვრთნელმა, ვალერი გაზაევმა, ლოკომოტივის სტადიონი უსიტყვოდ დატოვა ისე, რომ პრესკონფერენციას მისი შტაბის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო. დიდი ალბათობით, უეფასგან მათ ამისთვის ჯარიმაც კი დაეკისრათ, თუმცა ეს უკვე ჩვენთვის საინტერესო საერთოდ აღარ არის...
საინტერესო ფაქტი: სურათზე ხედავთ ტრიბუნაზე გამოფენილ საქართველოს ორ დროშას: თანამედროვეს (ხუთჯვრიანს) და ძველს (რესპუბლიკის). შეიძლება დაგებადოთ კითხვა, რატომ? ეს მატჩი ხომ ვარდების რევოლუციამდე გაიმართა?
საქმე ისაა, რომ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ტრიბუნაზე ხუთჯვრიანი დროშა გამოისახა, რომელიც იმ დროს ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის სიმბოლოდ უფრო აღიქმებოდა.
იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა, თუმცა საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრიბუნას ორივე დროშა დაამშვენებდა.
კომენტარები
8 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ