-
Aa
+
ფონტის ზომა
Telegraph-ის ინფორმაციით, ლურჯი ბარათის იდეის წარდგენა მასზე უარყოფითი რეაქციების გამო გადაიდო.
როგორც წყარო გუშინ იუწყებოდა, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) იდეა დღეს უნდა წარედგინა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის სამყაროში პოზიტიურად არ მიიღეს, ამის გამო კი საბჭომ განხილვა მომდევნო თვემდე გადადო.
ერთ-ერთი პირველი აღნიშნულ იდეას ნიუკასლის მწვრთნელი გამოეხმაურა:
"გულწრფელად რომ ვთქვა, მე ამ იდეის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ყვითელი ბარათები სწორედ ამისთვისაა. არსებული სისტემა კარგად მუშაობს, უბრალოდ აღსრულება სწორად უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ლურჯი ბარათის დამატება მეტ გაურკვევლობას შემოიტანს, ამიტომ მისი წინააღმდეგი ვარ." - განაცხადა ედი ჰაუმ.
უფრო კრიტიკული იყო იურგენ კლოპი:
"ლურჯი ბარათი ფანტასტიკურ იდეად არ ჟღერს, მაგრამ არ მახსენდება ბოლოს როდის მოუვიდათ კარგი იდეა მათ (IFAB), თუ საერთოდ ჰქონიათ ასეთი."
"მსაჯებისთვის წესები რაც შეიძლება ადვილი უნდა დავტოვოთ, ჩვენ მათ მიმართ ემოციურები ვართ, რადგან მატჩის შემდეგ ვსუბრობთ ხოლმე. ახალი ბარათი კი მსაჯებს შეცდომის დაშვების მეტ შესაძლებლობას მისცემს და მათ საქმეს უფრო გაურთულებს."
კლოპის აზრი გაიზიარა კარლო ანჩელოტიმაც:
"ვფიქრობ, საჭიროა ფეხბურთი რაც შეიძლება მეტად გავამარტივოთ, მაგრამ ყოველ წელს ის უფრო და უფრო რთული ხდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ლურჯი ბარათი მსაჯების საქმეს გააადვილებს."
შეგახსენებთ, რომ ლურჯი ბარათის იდეა მატჩის დროს გარკვეული ტიპის ჯარიმების შემთხვევაში მოთამაშის მოედნიდან 10 წუთით გაძევებას გულისხმობს.
კომენტარები