Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებების გახსენებას და დღეს უელსთან თამაშის ჯერი დადგა.
1994 წლის 16 ნოემბერი, თბილისი, დინამო არენა, 45 ათასი მაყურებელი
თბილისის დროით 14:00 საათი
გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსან ბულგარეთის ნაკრებთან 2:1 გამარჯვება მიმოვიხილეთ. ისიც გითხარით, რომ იმ ევრო 1996-ს შესარჩევში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა და რომ არა აუთსაიდერ მოლდოვასთან ორივე მატჩის წაგება, ვინ იცის, იქნებ ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზეც გვეთამაშა.
უელსთან გამარჯვებაც ზუსტად იმავე საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა, მესამე სათამაშო დღეს.
ბრიტანულ ნაკრებთან შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ორი ტურის შემდეგ 0 ქულით ხვდებოდა - პირველ ტურში დინამო არენადან სამი ქულა მოლდოვამ წაიღო, მეორე ტურში კი კოსტადინოვის დუბლით ბულგარელებმა საკუთარ კედლებში შანსი არ დაგვიტოვეს.
თავის მხრივ, უელსმა პირველ წრეში ალბანეთს კოულმენის და გიგზის გოლებით აჯობა, მეორეში კი მოლდოვასთან ბრძოლაში, 2:3 დამარცხდა.
ამრიგად, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთეს ფორმაში უელსი ჩანდა, თუმცა ჩივაძის ბიჭებმა მოედანზე სრულიად საპირისპირო დაამტკიცეს.
ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური და გასაკვირია, რომ თამაში თბილისის დროით შუადღით ორ საათზე დაიწყო. დღევანდელი თაობისთვის ამის გაგება ცოტა უცნაურიც იქნება, მაგრამ 1994 წლის თბილისში ელექტროენერგიის დიდი კრიზისი იყო, რის გამოც აუცილებელი პირობები არც დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე იყო და არც უშუალოდ დინამო არენაზე.
სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ თავის ისტორიაში მესამე ოფიციალური თამაში საქართველოს ნაკრებმა 14:00 საათზე დაიწყო. თანაც, იმდროისთვის ევროპასთან სხვაობა 5 საათი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმალურად, ბრიტანელები თავიანთი დროით თამაშს დილის ცხრა საათზე მართავდნენ.
თუმცა, ეს მიზეზი ნამდვილად არ გამოდგება საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრების მიღწევა შევამციროთ - ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებმა პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული უელსის ნაკრებისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა.
ჩივაძემ მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა:
დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი, 42') გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი, 74'), ქინქლაძე, შოთა არველაძე.
თადარიგში დარჩნენ: ზოიძე, ლობჟანიძე, ბერაძე.
ანგარიში თემურ ქეცბაიამ 29-ე წუთზე გახსნა, ათ წუთში ქინქლაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევრის სტარტზევე, 48-ე წუთზე, ქეცბაიამ დუბლი მიითვალა, კიდევ ათ წუთში გოგრიჭიანმა ანგარიში უკვე უხერხული გახადა, შეხვედრაში წერტილი კი 65-ე წუთზე შოთიმ დასვა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დიდი გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი შეხვედრა ნულზე წავაგეთ, ოფიციალურ მატჩებში საქართველოს პირველი გოლი სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა და ის ნაკრების იმდროისთვის მომავალმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გაიტანა, რომელმაც შემდეგ დუბლის გაფორმებაც მოახერხა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლის გარდა, ჩვენს ნაკრებს კიდევ 3-4 გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა - კი, ამდენით უკეთ გამოვიყურებოდით ვიდრე გუნდი, რომელშიც იან რაში, მარკ ჰიუზი, დინ სანდერსი და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ. ერთადერთი დანაკლისი, რომელიც გუნდს ჰქონდა - მან იუნაიტედის ახალგაზრდა შემტევი, რაიან გიგზი იყო.
თამაშის შემდეგ, უელსელებმა ასეთი სენსაციური განადგურება თამაშის 14:00 საათზე დანიშვნას მიაწერეს და თავის გამართლება სცადეს, თუმცა ისტორიისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია - გაცილებით ღირსშესანიშნავია ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გამარჯვება ისე ხმაურიანად მოიპოვა, რომ ის კიდევ დიდხანს არავის დაავიწყდება.
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ