VIDEO: N1 - რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა რიბაკინამ?
10 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ელენა რიბაკინა აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და ქალთა ჩოგბურთის რეიტინგის სათავეში მოექცევა.
რიბაკინამ ჟენგ ცინვენი დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 6:1, 6:4 დაამარცხა, რითაც გარანტირებულად გაინაღდა WTA-ის რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსი.
ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მე-4 ნომრად განთესილ კოკო გოფს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში კი რეიტინგის ამჟამინდელი ლიდერი არინა საბალენკა მე-3 ნომრად განთესილ ჯესიკა პეგულას დაუპირისპირდება.
თუმცა, დარჩენილი მატჩების შედეგების მიუხედავად, რიბაკინა საბალენკას რეიტინგის სათავეში 99-კვირიან ყოფნას დაასრულებს და ორშაბათს განახლებულ რეიტინგში პირველი ადგილი სწორედ მას ერგება.
„ამ ეტაპზე ეს უბრალოდ ნომერია. რა თქმა უნდა, ნახევარფინალში ვარ და ჩემი მიზანი ტურნირის მოგებაა“, - განაცხადა რიბაკინამ.
ჩინელ ჟენგს, რომელიც 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელია, ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია.
იდაყვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მან რეიტინგში მნიშვნელოვნად დაიხია უკან და ამჟამად 121-ე ადგილს იკავებს. ჟენგი კარიერის საუკეთესო პერიოდში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო, ახლა კი უკვე გარანტირებული აქვს რეიტინგის საუკეთესო 60-ეულში დაბრუნება.
მან მეოთხედფინალამდე დრამატული გზა გაიარა. მესამე წრეში მედისონ კიზთან მესამე სეტში 0:5 ჩამორჩენა აღმოფხვრა, ხოლო მერვედფინალში, მე-8 ნომრად განთესილ იგა შვიონტეკთან გამარჯვებისას, პირველ სეტში ასევე 0:5-დან შეძლო დაბრუნება.
თუმცა, რიბაკინასთან მე-3 სეტში დაშვებული ორმაგი შეცდომის შემდეგ მეტოქე 5:4 დაწინაურდა. ამის შემდეგ რიბაკინამ საკუთარ მოწოდებაზე მატჩი წარმატებით დაასრულა და კარიერაში პირველად გავიდა აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში.
WTA-ის მსოფლიო რეიტინგი 1975 წლიდან არსებობს, რიბაკინა კი 30-ე ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც ამ სიას სათავეში ჩაუდგება.
ელენამ ყაზახური სპორტის ისტორიაც დაწერა და ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი არის, რომელიც ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იქნება.