Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებების გახსენებას და სომხეთთან ლეგენდარული თამაშის ჯერი დადგა.
1997 წლის 30 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავის 32-ე საერთაშორისო თამაშს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ცუდ ფორმაში შეხვდა - გუნდს ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული, მათ შორის ბოლო ორი - ლიბანთან ამხანაგურები (2:4, 2:3), რამაც გუნდიდან ალექსანდრე ჩივაძის წასვლა და დავით ყიფიანის დანიშვნა გამოიწვია.
სომხეთთან მატჩამდე, უკანასკნელი გამარჯვება ნაკრებს ზუსტად ერთი წლის წინ, 1996 წლის მარტში ჰქონდა მოპოვებული, როცა სტუმრად კვიპროსს 2:0, ქეცბაიას და ჯამარაულის გოლებით მოვუგეთ.
კავკასიურ დერბიში სომხეთის წინააღმდეგ იქამდე ხუთჯერ გვქონდა ნათამაშები, თუმცა - მხოლოდ საბჭოთა მმართველობის წლებში. დამოუკიდებელი ქვეყნების რანგში ეს ჩვენი პირველი დაპირისპირება იყო.
ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი, კახა ცხადაძე თამაშის წინ გვაფრთხილებდა: "სომხური ფეხბურთი კარგად ვიცი. ისინი თავს მოიკლავენ ჩვენთან, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ." - თქვა ცხადაძემ ნაკრების შეკრების პირველივე დღეს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც სომხეთი იყო სახარბიელო ფორმაში - გუნდმა 1997 წელი ორი წაგებით დაიწყო - ჯერ ჩილესთან (0:7) განადგურდა, შემდეგ კი პარაგვაისთან (0:2) წააგო.
ნაკრების სათავეში თავის სადებიუტო შეხვედრაში, ყიფიანმა მაქსიმალურად საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:
ზოიძე (ტოგონიძე, 54), ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია (შეყილაძე, 60), ჩიხრაძე (გოგიჩაიშვილი, 46), კობიაშვილი, ნემსაძე, ქეცბაია (აჩი არველაძე, 56), ქინქლაძე (გახოკიძე, 60), ჯამარაული (ყაველაშვილი, 46), შოთა არველაძე (მუჯირი, 68)
გოლები: (შოთა არველაძე, 12, 57, 67), აჩი არველაძე (58, 60), ქინქლაძე (45 - პენ), ყაველაშვილი (81).
დავით ყიფიანი ნაკრებში თავის სამწვრთნელო მოღვაწეობას ამაზე უკეთ ფიზიკურად ვერ დაიწყებდა - დამარცხებულია პრინციპული მეტოქე, საკუთარ კედლებში, 10 ათასი მაყურებლის წინ, თანაც კავკასიურ დერბიში, რომელსაც ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
წლების შემდეგ, ამას ხაზი შოთიმ თავის ავტობიოგრაფიაში გაუსვა: "ქართველი გულშემატკივარი თუ რაიმეს არ გაპატიებს, ეს პირველ რიგში თბილისში სომხეთთან დამარცხებაა და ამიტომ, ყველა მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდით ამ თამაშს და ლამაზი გამარჯვებაც მოვიპოვეთ - 7:0. გამანადგურებელი ანგარიში! მე ჰეთ-ტრიკი შევასრულე, აჩიმ ორი გოლი გაიტანა!
მოკლედ, კავკასიური დერბი ჩვენი ულამაზესი გამარჯვებით დამთავრდა და დათო ყიფიანის სანაკრებო კარიერაც შედეგიანად დაიწყო."
სომხეთთან ამხანაგური მატჩის ზუსტად ერთი თვის თავზე, 30 აპრილს, 1998 წლის მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მატჩი გველოდა, ინგლისთან, უემბლის ლეგენდარულ სტადიონზე.
30 მარტს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 1 აპრილს გამოცემა სარბიელი შემდეგი ნომრით გამოვიდა: "
ფრთხილად ინგლისო, ყიფიანი მოდის! ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისში წასვლამდე სენსაციური დებიუტი მოიწყო.
დავით ყიფიანის აღნიშნული გამარჯვება მრავალი წლით დარჩა საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელ მოგებად. ეს რეკორდი 2023 წელს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაეცა, როცა ვილი სანიოლის გუნდმა ტაილანდს უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა.
"ჩემი აზრით, სერიოზულად არ შეგვაფასეს, მოედანზე ცოტა თავდაჯერებულნი გამოვიდნენ, ჩვენს ფეხურთელებზე ინფორმაციასაც საერთოდ არ ფლობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქინქლაძე, ქეცბაია და შოთა არველაძეც ამ თამაშიდან გაიცნეს. მეორე გოლმა სტუმრები გატეხა და დაშალა.
არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ სომეხთა ასეთი მარცხის უპირველესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ძლიერი თამაშია. რაც არ უნდა იყოს, შვიდ გოლსაც გატანა უნდა." - აღნიშნა ყიფიანმა მატჩის შემდგომ სარბიელის ჟურნალისტ მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში.
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
23 წუთის წინ
5 საათის წინ