Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღამდე, 21 მარტამდე, სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
ლუქსემბურგთან მატჩისთვის მთელი ქვეყანა ემზადება და მათ შორის, რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელებიც. თითოეული მათგანისთვის ეს ცხოვრების მატჩია და საინტერესოა, თუ ვინ როგორ ფორმაში ხვდება მოახლოებულ ისტორიულ სანაკრებო პაუზას.
მომდევნო დღეების განმავლობაში adjarabetarena-ზე შემოგთავაზებთ იმ მოთამაშეების შესახებ ინფორმაციას, რომელთა იმედზეც უნდა ვიყოთ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.
დავიწყოთ ეროვნული ნაკრების კარის დარაჯით, გიორგი მამარდაშვილით.
მამარდა ვალენსიაში უკვე მე-3 სეზონს ატარებს და გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად და დასაყრდენ ძალად იქცა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გიორგიმ ლა ლიგაში ვალენსიური რეკორდი მოხსნა და სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ დაწყებული მატჩებით კლუბის ისტორიაში პირველი გახდა.
ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ყველა (26) თამაში სრულად ჩაატარა, კარი კი 8-ჯერ შეინახა მშრალად და სულ 31 გოლი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ მესტალიაზე ვალენსიამ 13 მატჩში მხოლოდ 8 გოლი მიიღო, ამაზე უკეთესი შედეგი სახლში მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს.
მამარდაშვილის ანგარიშზე ლა ლიგის ამ სეზონში 73 მოგერიებაა, მათ შორის 1 პენალტი. ის მატჩში საშუალოდ 2.8 სეივს აგროვებს. ზემოთ აღნიშნული 31 გოლიდან ღამურების კარის დარაჯმა მხოლოდ 2 გაუშვა საჯარიმოს გარედან.
სტატისტიკური ვებ-გვერდის, Sofascore-ის, მიხედვით მისი საშუალო შეფასება მიმდინარე სეზონში 6.91 არის.
გიორგის ბოლო შეხვედრაში სერიოზული გამოცდა ჰქონდა მადრიდის რეალის სახით. ვალენსიასა და რეალს შორის შეხვედრა 2-2 დასრულდა, ქართველმა კი 3 ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი ჯუდ ბელინგემის ახლო მანძილიდან დარტყმულიც.
¡El @realmadrid busca el gol del empate! #LALIGAHighlights | #ValenciaRealMadrid pic.twitter.com/8bMNtnc1zT
— LALIGA (@LaLiga) March 2, 2024
სანაკრებო პაუზამდე მამარდაშვილს ვალენსიას შემადგენლობაში კიდევ 2 მატჩის ჩატარება მოუწევს, 9 მარტს ღამურები მესტალიაზე ხეტაფეს მიიღებენ, 17 მარტს კი ვილიარეალს ესტუმრებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გიორგის ეროვნულ გუნდში უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული და მთავარ მეკარედაც იქცა. მან კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა: ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან (2-ჯერ) და კვიპროსთან. სულ კი 26 გოლი აქვს გაშვებული.
მართალია, საქართველოს ნაკრები ცდილობს ისტორიაში პირველად გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მამარდაშვილს ევროპულ ფორუმზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ ზაფხულს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა. მან 3 შეხვედრა ჩაატარა, ერთ შემთხვევაში, ისრაელთან, კი კარი მშრალადაც შეინახა, სულ კი 3 გოლი გაუშვა.
ასე და ამგვარად, 21 მარტს, ლუქსემბურგთან შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის იმედი გვაქვს, რომელიც წესითა და რიგით ჩვენს კარს დაიცავს. ჩვენც შეძლებისდაგვარად მშვიდად ვართ, რადგან მამარდამ ხომ ყველას დაუმტკიცა, რომ 23 წლის ასაკში უკვე მსოფლიო დონის მეკარეა.
კომენტარები
ერთა ლიგის კალენდარი
ფეხბურთი