Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩამდე 10 დღეა დარჩენილი.
ისტორიული სანაკრებო პაუზის წინ საჭიროა დაცვითი ფეხბურთელების მზაობა. ჩვენ უკვე გავეცანით როგორ ფორმაში არიან გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, მცველები იტალიიდან: საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი და შახტარის ფლანგები: გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი.
ახლა კი დროა დაცვითი მოთამაშეები ამოვწუროთ და ოთარ კაკაბაძის, სოლომონ კვერკველიასა და ალექსანდრე კალანდაძის ფორმას გავეცნოთ.
ოთარ კაკაბაძე
დავიწყოთ ოთარ კაკაბაძით, რომელიც პოლონური კრაკოვიას ღირსებას უკვე მე-3 სეზონია იცავს. პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა 15 მატჩი ჩაატარა, საიდანც 12-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.
Sofascore-ის მიხედვით ოთარის საშუალო შეფასება 6.75 არის, მისი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება (საშუალოდ მატჩში): 1.5 ჩაჭრა, 1.9 ვარდნა, 4.7 ბურთის დაბრუნება, 1.3 ბურთის გამოტანა. კაკაბაძემ 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.
კრაკოვიას სანაკრებო პაუზამდე მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩასატარებელი ვიძევთან.
ოთარ კაკაბაძე სანაკრებო დონეზე საკმაოდ გამოცდილია. 2015 წლის შემდეგ მარჯვენა მცველს ეროვნულ გუნდში 58 მატჩი აქვს ჩატარებული (55 სასტარტო შემადგენლობაში) და ნაკრების სტაბილური წევრია. ბოლო 2 შეხვედრაშიც შოტლანდიასთან და ესპანეთთან მოედანზე 90 წუთი გაატარა.
საბა კვერკველია
შემდეგი განხილვის თემა სოლომონ კვერკველიაა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში ასპარეზობს. გასულ ზაფხულს ქართველი მცველი ბაქოს ნეფთჩიდან საუდის პრო ლიგის ალ ოხდუდში გადავიდა, სადაც სტაბილურად თამაშობს.
ცენტრალურმა მცველმა ჩემპიონატის 23-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისმა გუნდმა კი 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
საბას საშუალო შეფასება 6.84 არის, მისი დაცვითი სტატისტიკა კი ასეთია: 1.2 ჩაჭრა, 1.0 ვარდნა, 3.4 ბურთის დაბრუნება, 5.3 ბურთის გამოტანა. მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა. მცველმა ამ მატჩებში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო.
საქართველოში ჩამოსვლამდე კვერკველიას ალ ხალიჯთან შეხვედრა ელის.
კაკაბაძის მსგავსად სოლომონსაც საკმაო გამოცდილება აქვს ნაკრებში, მის ანგარიშზე 56 მატჩია (50 სასტარტო შემადგენლობაში), ბოლო 3 შეხვედრაშიც (კვიპროსი, შოტლანდია, ესპანეთი) მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.
სანდრო კალანდაძე
ნაკრებში გამოძახების კიდევ ერთი კანდიდატი დინამო თბილისის კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძეა.
ეროვნული ლიგის ახლად დაწყებულ სეზონში უკვე 3 ტური ჩატარდა 22 წლის მცველი კი სამივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყველა მათგანში 90 წუთი ითამაშა. კალანდაძე თბილისური გუნდის დასაყრდენია დაცვაში, რაზეც მისი კაპიტნის როლიც მიუთითებს. დინამომ 3-დან 2 მატჩში კარი მშრალად შეინახა (სამგურალთან და ტორპედოსთან).
დინამო თბილისს შემდეგი მატჩი სანაკრებო პაუზამდე იბერია 1999-თან ელის.
სანდროს დებიუტი ეროვნულ გუნდში სულ ცოტა ხნის წინ ნორვეგიასთან მატჩში შედგა, სადაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. შოტლანდიასთან შეხვედრაში კი სათამაშოდ 12 წუთი მიეცა.
კალანდაძე ზაფხულში ჩატარებულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან ოთხივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ყველა მათგანი სრულად ჩაატარა.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვის ნაწილში ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები ლუქსემბურგთან მატჩს მზადყოფნაში ხვდებიან. კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან როგორც გამოცდილი ისე ახალგაზრდა მოთამაშეები და დარწმუნებული ვართ, რომ როლის მიუხედავად ყველა მათგანი ლუქსემბურგთან შეხვედრაში მაქსიმუმს გაიღებს.
კომენტარები
ერთა ლიგის კალენდარი
ფეხბურთი