Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან საპლეიოფო მატჩამდე 13 დღე რჩება.
ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აუცილებელია თითოეული ფეხბურთელის მზაობა მისი როლის მიუხედავად. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილია თუ ახალგაზრდა, ბევრი სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული თუ ცოტა. ეს ის მომენტია, როცა ერთი კონკრეტული მატჩისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს.
adjarabetarena-მ გაგაცნოთ თუ როგორ ხვდებიან 21 მარტის შეხვედრას გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია.
ახლა კი ერთდროულად 3 მოთამაშის ფორმას გავეცნოთ. ჯერ-ჯერობით ვილი სანიოლს სანაკრებო განაცხადი არ დაუსახელებია და რთულია ვარაუდი, ვინ მოხვდება შემადგენლობაში, თუმცაღა სავარაუდო კანდიდატები ცხადია.
დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება საბა საზონოვზე, ლუკა ლოჩოშვილსა და ივა გელაშვილზე, რომელთა გაერთიანება გასაგები მიზეზის გამო მოხდა. სამივე მცველი იტალიაში ასპარეზობს. საზონოვი სერია ა-ში ტორინოს რიგებში გამოდის, ლოჩოშვილი და გელაშვილი კი სერია ბ-ში - ლუკა კრემონეზეში, ივა კი სპეციაში.
საბა საზონოვი
დავიწყოთ ტორინოს მცველით. ტურინულმა გუნდმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, საზონოვმა კი 10 მათგანში მიიღო მონაწილეობა, აქედან მხოლოდ 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობიდან (ჯამში 327 წუთი) ქართველი საშუალოდ 0.2 ჩაჭრას, 0.8 ვარდნას, 2.1 ბურთის დაბრუნებას და 1.7 ბურთის გამოტანას აგროვებს, ის დუელების 49%-ში გამარჯვებული გამოდის.
Sofascore-ის მიხედვით საბას საშუალო შეფასება მიმდინარე სეზონში 6.59 არის, ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული მატჩი კი მან 26 იანვარს კალიარის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 12 წუთი მიეცა, მაგრამ ტორინოს გამარჯვებაში თავისი წვლილი კარგი დაცვით შეიტანა. საზონოვს ამ 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.
რაც შეეხება ბოლო მატჩებს, საბა 26-ე ტურში რომასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთიც გაატარა, თუმცა მისდა სამწუხაროდ მისი თამაშის წესის დარღვევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
დღეს ტორინო ნაპოლის ესტუმრება და ვნახოთ გვექნება თუ არა ქართული დაპირისპირების ხილვის შესაძლებლობა.
საზონოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული - მაროკოსთან, მონღოლეთთან და ესპანეთთან, თუმცა მისი მთავარი ღირსება ზაფხულში ჩატარებულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაა, სადაც სოლიდური თამაშის გამო ტურნირის საუკეთესო თერთმეტეულში ადგილიც დაიმსახურა.
ლუკა ლოჩოშვილი
რაც შეეხებათ ლუკა ლოჩოშვილს და მის გუნდს, კრემონეზე სერია ბ-ში მე-2 ადგილზეა და ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის, ამაში თავისი წვლილი შეაქვს ქართველ მცველსაც, რომელმაც მიმდინარე სეზონში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12-ჯერ კი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მისი საშუალო სტატისტიკა შემდეგნაირია: 1.5 ჩაჭრა, 1.5 ვარდნა, 4.3 ბურთის დაბრუნება, 2.8 ბურთის გამოტანა. ლუკა საჰაერო დუელების 61%-ს იგებს. მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილს 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. აღსანიშანვია, რომ ერთხელ კვირის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა. საშუალოდ 25 წლის მცველი 6.81 შეფასებას იმსახურებს.
ლოჩოშვილს ეროვნულ გუნდში 10 შეხვედრა დაუგროვდა, ნაკრების ბოლო 4 მატჩში (ტაილანდი, კვიპროსი, შოტლანდია, ესპანეთი) კი სასტარტო შემადგენლობაშიც იყო და სავარაუდოა, რომ ვილი სანიოლი მის თამაშს ლუქსემბურგთანაც მატჩის დასაწყისიდანვე განიხილავდეს.
ივა გელაშვილი
მორიგი ქართველი მცველი იტალიაში ივა გელაშვილია, რომლის სპეციაც რთულ მდგომარეობაშია და სერია ბ-ს გასავარდნ ზონაში იმყოფება. მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 6 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 0.9 ჩაჭრა, 0.9 ვარდნა, 2.0 ბურთის დაბრუნება, 1.9 ბურთის გამოტანა. მისი საშუალო შეფასება 6.60 არის.
სამწუხაროდ, 25 თებერვალს მოდენასთან შეხვედრაში გელაშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, მას შემდეგ კი მოედანზე არ გამოსულა.
ივა გელაშვილი ნაკრების ბოლო 4 მატჩის განაცხადში იყო და ტაილანდთან მისი დებიუტიც შედგა, სადაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან კი სათადარიგო სკამზე იყო და თამაში არ მოუწია.
ასე და ამგვარად, რთულია ვარაუდი ახალგაზრდა მცველებიდან ვისზე შეაჩერებს არჩევანს ვილი სანიოლი, თუმცა საზონოვიც, ლოჩოშვილიც და გელაშვილიც მზად იქნებიან, რომ იტალიაში მიღებული გამოცდილება ჩვენს ეროვნულ გუნდს მოახმარონ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლუქსემურგთან ისტორიულ მატჩამდე 13 დღე რჩება.
კომენტარები