Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგთან მატჩამდე 12 დღე რჩება.
უკვე გავეცანით თუ როგორ ხვდებიან ამ მნიშვნელოვან მატჩს გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია და მცველები იტალიიდან: საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი და ივა გელაშვილი.
ახლა კი დროა უკრაინულ ფეხბურთს მივადგეთ და დონეცკის შახტარისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფლანგის მცველების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის, ფორმა განვიხილოთ.
უკრაინული გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, სადაც მეტოქეებად ბარსელონა, პორტუ და ანტვერპენი ჰყავდა. საბოლოოდ გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
ქართველებმა ჯგუფში 4-4 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, მათი გამოსარჩევი მომენტები ბარსელონასთან საგოლე გადაცემები იყო. გოჩოლეიშვილმა ასისტი ჰამბურგში ჩატარებულ მატჩში მიითვალა, სადაც 4 თამაშიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც (7.0) დაიმსახურა.
აზაროვმა კი ბარსელონაში მიითვალა საგოლე პასი, თუმცა მან ყველაზე კარგი შეფასება (7.7) ანტვერპენთან შეხვედრაში დაიმსახურა.
ევროპა ლიგის პლეიოფში შახტარი მარსელს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. გოჩოლეიშვილმა მხოლოდ პირველ შეხვედრაში ითამაშა 14 წუთი, აზაროვმა კი ორივე თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მისთვის ისევე როგორც მთელი გუნდისთვის პირველი დაპირისპირება (2-2) უკეთესი იყო, მეორე შეხვედრაში ფრანგებმა 3-1 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
რაც შეეხება უკრაინის პრემიერ ლიგას, შახტარს 18 მატჩის შემდეგ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
გიორგიმ და ირაკლიმ 9-9 შეხვედრა დაიწყეს სასტარტო შემადგენლობაში, ჯამში კი 12 და 13 (შესაბამისად) თამაშში მიიღეს მონაწილეობა. გოჩოლეიშვილის საშუალო შეფასება Sofascore-ის მიხედვით 6.78 არის, აზაროვის კი 7.02.
მოთამაშეების საშუალო სტატისტიკა ასეთია:
გოჩოლეიშვილი - 2.9 ჩაჭრა, 7.7 ბურთის დაბრუნება, 1.8 დრიბლინგი. გიორგის დრიბლინგების 61% წარმატებულია. მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა. სულ კი 2 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.
აზაროვი - 5.0 ჩაჭრა, 6.6 ბურთის დაბრუნება, 0.8 დრიბლინგი. ირაკლის დრიბლინგების 56% არის წარმატებული. მას ბარათი ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში არ მიუღია.
რაც შეეხება მოთამაშეთა სანაკრებო კარიერას, გიორგის ეროვნულ გუნდში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც ოთხივე შეხვედრაში ითამაშა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი სანაკრებო დონეზე უფრო გამოცდილია, რადგან მას ზურგს 18 მატჩი უმაგრებს, საიდანც 14 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა. 21-წლამდელთა ევროზე მანაც ოთხივე დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და გოჩოლეიშვილის მსგავსად მის აქტივშიც 1 ასისტია.
ასე და ამგვარად, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე აქვთ უკვე ევროპული გამოცდილება და მზად იქნებიან, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღონ. მათი ჩართვები ორივე ფლანგიდან შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
კომენტარები
ერთა ლიგის კალენდარი
ფეხბურთი