Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი გამოცემა Forbes არნოლდ ალენისა და გიგა ჭიკაძის ბრძოლის წინ მათ განვლილ გზაზე წერს.
ახლოვდება UFC 304, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე ვიხილავთ გიგა ჭიკაძის დაბრუნებას ოქტაგონზე. ქართველის ბრძოლასთან ერთად ინგლისის ქლაქ მანჩესტერში ორი სატიტულო ბრძოლა გაიმართება და ორივე რემატჩი იქნება.
ღამის მთავარი ბრძოლა ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამედის დაპირისპირება იქნება, კომეინ ივენთი კი ტომ ასპინალისა და კურტის ბლეიდსის ბრძოლაა.
მეინ ქარდს კი სწორედ გიგა ჭიკაძე და არნოლდ ალენი გახსნიან. ალენი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-6 ადგილზეა, მას ბოლო 2 ბრძოლა წაგებული აქვს და შეეცდება, რომ ეს ცუდი სერია დაასრულოს. ჭიკაძე კი რეიტინგში მე-10 არის და მისი მიზანი ზედიზედ მეორე ბრძოლის მოგება იქნება.
საინტერესოა, ამ მებრძოლების განვლილი გზა UFC-ში და როგორ მოვიდნენ ისინი აქამდე.
არნოლდ ალენი (19-3)
არნოლდ ალენი UFC-ის 2015 წელს 21 წლის ასაკში შეუერთდა. ინგლისელი მებრძოლის სტატისტიკა იმ მომენტისთვის 9-1 იყო. ალენმა სადებიუტო ბრძოლაში განაცხადი გააკეთა და გამოცდილ ალან ომერს მესამე რაუნდში საბმიშენით მოუგო და დღის პერფორმანსის ბონუსიც დაიმსახურა.
ალენი მომდევნო 5 წლის განმავლობაში უფრო ცნობილ მეტოქეებს უპირისპირდებოდა. 2021 წელს გილბერტ მელენდესთან და ნიკ ლენცთან გადაწყვეტილებით გამარჯვებების შემდეგ ალენი რეიტინგში დაწინაურდა. როცა ის 2021-ში სოდიქ იუსუფს დაუპირისპირდა, მისი სტატისტიკა 16-1-ზე იყო, UFC-ში კი 7-0-ზე, რეიტინგში კი მე-10 იყო. იუსუფთან მან ასევე გადაწყვეტილებით მოიგო და რეიტინგში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
შემდეგ ალენი დენ ჰუკერს დაუპირისპირდა და UFC-ში მისი პირველი ნოკაუტიც აქ ვიხილეთ, თანაც პირველივე რაუნდში. ჰუკერის დამარცხების შემდეგ არნოლდმა ტექნიკური ნოკაუტით კალვინ კატარს მოუგო, რომელმაც ბრძოლის დროს მუხლის ტრავმა მიიღო.
ალენის კარიერის ყველაზე დიდი ბრძოლა კატარის შემდეგ ელოდა. რეიტინგის მე-4 ნომერი UFC-ის ყოფილ ჩემპიონ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა მეინ ივენთზე. ინგლისელმა ყოფილ ჩემპიონთან 5 რაუნდი გაძლო, მაგრამ გადაწყვეტილებით წააგო. ალენმა 2023 წლის აპრილში UFC-ში პირველი მარცხი განიცადა. მისი ბოლო ბრძოლა კი ამა წლის იანვარში მოვსარ ევლოევთან შედგა, სადაც ასევე გადაწყვეტილებით წააგო. ასე რომ, ბრიტანელს ზედიზედ ორი ბრძოლა წაგებული აქვს და ჭიკაძესთან ამ სერიის დასრულებისთვის ემზადება.
გიგა ჭიკაძე (15-3)
გიგა ჭიკაძეს კიკბოქსინგში დიდი კარიერა ჰქონდა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ ბედი MMA-ში ეცადა. ის UFC-ის 2019 წელს შეუერთდა. იმ მომენტისთვის გიგას სტატისტიკა 7-2-ზე იყო, საიდანაც 6 ნოკაუტი და 1 საბმიშენი ფიქსირდებოდა.
ჭიკაძემ UFC-ში პირველი ოთხი ბრძოლა გადაწყვეტილებით მოიგო. მან 2020 წელს ერთთვიან შუალედში ომარ მორალესი და ჯეიმი სიმონსი დაამარცხა, მორალესს მან გადაწყვეტილებით მოუგო, სიმონსს კი ბრძოლა პირველივე რაუნდში დაუმთავრა. ამ მოგებამ სათავე დაუდო სამბრძოლიან სერიას, სადაც ჭიკაძემ ყველა ტექნიკური ნოკაუტით და დღის პერფორმანსის ბონუსით დაამთავრა. მათ შორის იყო ნოკაუტები სახელოვან მებრძოლებთან - ედსონ ბარბოსასა და კაბ სუენსონთან.
ამ სერიამ ჭიკაძე დივიზიონის 10 საუკეთესო მებრძოლში მოახვედრა და მეინ ივენთის ბრძოლაც მისცა კალვინ კატართან. 2022 წელს ამ ბრძოლის დროს ჭიკაძე რეიტინგში მე-8 იყო, კატარი კი მე-5. ჭიკაძე დამარცხდა, თუმცა ეს დაპირისპირება დღის ბრძოლა გახდა.
კატარის შემდეგ გიგას პაუზა ჰქონდა და 2023 წლის აგვისტოში ოქტაგონს სინგაპურში დაუბრუნდა, სადაც ალექს კასერესს გადაწყვეტილებით მოუგო.
ახლა კი ქართველი მანჩესტერში არნოლდ ალენს დაუპირისპირდება და შეეცდება, ზედიზედ მე-2 ბრძოლაში გაიმარჯვოს.
აღსანიშნავი სტატისტიკა
ალენი წუთში საშუალოდ 3.39 დარტყმას ახორციელებს 40%-იანი სიზუსტით. მისი დაცვა კი 61%-იანი სიზუსტით გამოირჩევა და ის წუთში საშუალოდ 2.91 დარტყმას იღებს. არნოლდი ყოველ 15 წუთში 1.02 თეიქდაუნის მცდელობას გვთავაზობს 50%-იანი სიზუსტით, მისი დაცვა კი ამ მხრივ 75%-იანი სიზუსტით გამოირჩევა.
ჭიკაძე თავის მეტოქესთან შედარებით უფრო აქტიური და ზუსტია, თუმცა ის დარტყმებს უფრო ხშირად იღებს. გიგა წუთში 4.08 დარტყმას ახორციელებს 43%-იანი სიზუსტით, მისი დაცვა სტრაიკინგის დროს კი 62%-იანია, წუთში კი 3.44 დარტყმას იღებს. ის 15 წუთში 0.23 თეიქდაუნზე მიდის 33%-იანი სიზუსტით, მისი დაცვა კი თეიქდაუნების მხრივ 69%-იანია.
UFC 304 ქალაქ მანჩესტერში 28 ივლისს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი