Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში მორიგი გრანპრი ჩატარდა. ამჯერად მასპინძელი უნგრეთი, კერძოდ კი ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი იყო.
კვალიფიკაციის შედეგად პირველი რიგიდან რბოლას მაკლარენის წარმომადგენლები ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი იწყებდნენ, მათი მდევარი კი რედ ბულის ლიდერი მაქს ვერსტაპენი იყო.
რბოლის სტარტი პოულის მფლობელ ნორისს ჩაუვარდა, ამით კი პიასტრიმ და ვერსტაპენმა ისარგებლეს და პირველ და მეორე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
რბოლის მეორე ნახევარში მაკლარენში სიტუაცია დაიძაბა, გუნდის მიერ არჩეული სტრატეგიის შედეგად ნორისი პიასტრიზე წინ აღმოჩნდა, გუნდიდან კი ლანდოს სთხოვდნენ, რომ თანაგუნდელისთვის ადგილი დაეთმო, თუმცა ბრიტანელი უარზე იყო, მის დათანხმებას რადიოს საშუალებით კი რბოლის ბოლომდე ცდილობდნენ.
საბოლოოდ ბევრი მცდელობის შემდეგ ნორისმა გადაწყვეტილება შეცვალა და ავსტრალიელს პირველი ადგილი დაუთმო, ოსკარ პიასტრი კი კარიერაში პირველად გახდა ფორმულა 1-ის რბოლის გამარჯვებული, მაკლარენმა კი მნიშვნელოვანი დუბლი შეასრულა (1-2 ადგილი).
პოდიუმზე მე-3 ადგილი ლეგენდარულმა ლუის ჰემილტონმა შეავსო, რომელმაც წინა რბოლა სილვერსტოუნზე მოიგო კიდეც. მერსედესის მრბოლელისთვის ეს კარიერაში საიუბილეო მე-200 პოდიუმი აღმოჩნდა, ამ მაჩვენებლით კი ის, რა თქმა უნდა, ისტორიაში საუკეთესოა.
ათეულში ასევე შემდეგი მრბოლელები მოხვდნენ.
4. შარლ ლეკლერი (ფერარი)
5. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
6. კარლოს საინსი (ფერარი)
7. სერხიო პერესი (რედ ბული)
8. ჯორჯ რასელი (მერსედესი)
9. იუკი ცუნოდა (RB)
10. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი)
ამ მომენტისთვის მრბოლელთა სატურნირო ცხრილს სათავეში მაქს ვერსტაპენი უდგას 265 ქულით, მე-2 ლანდო ნორისია 189 ქულით, მე-3-ზე კი შარლ ლეკლერი არის 162 ქულით.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, აქ რედ ბულია პირველი 389 ქულით, მდევარი მაკლარენია 338 ქულით, მე-3-ზე კი აქაც ფერარია 322 ქულით.
შემდეგი გრანპრი 1 კვირაში ბელგიაში (სპა) გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები