რეალისა და ბაიერნის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხამეს როდრიგესმა ამერიკული მინესოტა იუნაიტედი დატოვა.
MLS-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 35 წლის კოლუმბიელ ნახევარმცველთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. ხამესი გუნდს 2026 წლის თებერვალში დიდი ავანსებითა და ხმაურით შეუერთდა, თუმცა მისი ამერიკული ვოიაჟი საკმაოდ მოკლე და უშედეგო აღმოჩნდა.
ამერიკულ კლუბში ჩატარებულ ექვს თვეში როდრიგესმა თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მან მინესოტას მაისურით სულ რაღაც რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა. კოლუმბიელმა ფლეიმეიკერმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და აქტივში მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მუდმივმა ტრავმებმა და ფიზიკურმა ფორმამ მას საშუალება არ მისცა, გუნდის ლიდერი გამხდარიყო.
მინესოტას ხელმძღვანელობამ კონტრაქტში არსებული გაგრძელების ოპციით არ ისარგებლა და ხამესს მადლობა გადაუხადა. 2020 წელს მადრიდის რეალის საბოლოოდ დატოვების შემდეგ, როდრიგესი თავშესაფარს ვერაფრით პოულობს - ევერტონის, ალ-რაიანის, ოლიმპიაკოსისა და ლეონის შემდეგ, ეს მისი მორიგი ხანმოკლე გაჩერება აღმოჩნდა. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ვარსკვლავი ახლა ახალი კლუბის ძიებაშია.