19 ივლისს, კრივის სამყაროს ყურადღება ლონდონისკენ, კერძოდ ლეგენდარული უემბლის სტადიონისკენ იქნება მიმართული.
საღამოს მთავარ ბრძოლაში ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას მე-2 დაპირისპირება შედგება.
ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან საღამოს ლაშა გურულის ბრძოლა გახსნის. ქართველი მოკრივე თავის მე-2 პროფესიონალურ ბრძოლაში ჯეიმს ფრენსისთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.
გურულმა თავისი სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ კრივში, მშობლიურ ქალაქ რუსთავში 4 თვის წინ ჩაატარა, სადაც ბერნარდ აბეის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
ლაშას მეტოქე 24 წლის ინგლისელი, კერძოდ ლივერპულელი ჯეიმს ფრენსისი იქნება, რომლის პროფესიონალური რეკორდი 7 მოგებასა და 1 წაგებას ითვლის.
ქართველი მოკრივე ბრიტანელ მეტოქესთან ბუკმეიკერების მიერ აშკარა ფავორიტად არის მიჩნეული. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ღონისძიება 19 ივლისს, 20:00 საათიდან დაიწყება.