მაიკ ტაისონისა და ფლოიდ მეივეზერის საგამოფენო ბრძოლა 25 აპრილს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიმართება, ინფორმაცია გამოცემა The Ring-ის წყაროებმა გაავრცელეს.
ღონისძიება, რომელშიც ბოლო 40 წლის განმავლობაში კრივის, შესაძლოა, ორი ყველაზე დიდი სახელი მიიღებს მონაწილეობას, გასულ წელს გამოცხადდა, თუმცა თარიღისა და ადგილის დეტალების გარეშე.
შემდგომში The Ring-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეივეზერი მენი პაკიაოსთან კრივის რემატჩზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომელიც ამ გაზაფხულზე Netflix-ზე უნდა გამართულიყო. როდესაც ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა, ტაისონ-მაივეზერის საგამოფენო ბრძოლა კვლავ გაზაფხულისთვის დაიგეგმა.
კონგო, რომელსაც ადრე ზაირი ეწოდებოდა, კრივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლის მასპინძელი იყო. საუბარია 1974 წლის მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაზე მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმენს შორის, რომელიც ცნობილია როგორც „Rumble in the Jungle“.
59 წლის ტაისონი მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონია და კვლავაც პოპულარული ვარსკვლავია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ორი ათეული წლის წინ დაასრულა. მისი ბრძოლა ჯეიკ პოლთან 2024 წლის ნოემბერში 100 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა.
მეივეზერის ბოლო პროფესიონალური შეხვედრა 2017 წლის აგვისტოში გაიმართა, როდესაც მან ტექნიკური ნოკაუტით კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, რომელიც მომავალ კვირას 49 წლის გახდება, ხუთ წონით კატეგორიაში ფლობდა ტიტულებს, მათ შორის ყველაზე მძიმე, 154 ფუნტამდე წონაში.
ამ საგამოფენო ბრძოლის წონითი ლიმიტი ჯერ არ დადასტურებულა.
კარიერის დასრულების შემდეგ მეივეზერმა არაერთი საგამოფენო ბრძოლა გამართა, მათ შორის 2021 წლის ივნისში ლოგან პოლთან, რომელშიც ქულებით გაიმარჯვა.