ჰოლივუდის ოსკაროსანი კინოვარსკვლავები, ნიკოლას კეიჯი და ქრისტიან ბეილი მთავარ როლებს შეასრულებენ ბიოგრაფიულ სპორტულ დრამაში სათაურად Madden, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ო. რასელი გახლავთ.
როგორც სათაურიდან ხვდებით, ბიოპიკი ჯეიმს ერლ მედენის (1936-2021) შესახებაა, რომელსაც ნიკოლას კეიჯი განასახიერებს, ქრისტიან ბეილი კი ალ დევისის როლშია. ფილმის სიუჟეტი ვიდეოთამაშების სერია John Madden Football-ის (შემდგომში Madden NFL) შექმნაზე გვიამბობს.
ჯონ მედენმა სახელი Oakland Raiders-ის მთავარი მწვრთნელობით გაითქვა, როდესაც NFL-ის კლუბს 1969-1978 წლებში ედგა სათავეში. „რეიდერებთან“ ერთად მედენმა შვიდჯერ მოიგო დივიზიონი (AFL / AFC Championship), რვაჯერ იასპარეზა პლეი-ოფში და რაც მთავარია, კლუბს არსებობის ისტორიაში პირველად მოაგებინა სუპერ ბოული 1976 წელს.
იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც NFL-ში მინიმუმ 100 თამაში ჩაუტარებიათ, ჯონ მედენს მოგებათა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, Raiders-ის მწვრთნელებს შორის კი ყველაზე მეტი - 103 გამარჯვება. დღეისთვის ჯონ მედენი NFL-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელადაა მიჩნეული.

ქრისტიან ბეილის კინოგმირი ალენ დევისი (1929-2011) ამერიკული ფეხბურთის სხვადასხვა კლუბების მწვრთნელი იყო, Los Angeles/Oakland Raiders-ში კი 1966-71 წლებში თანამფლობელისა და მენეჯერის, ხოლო 1972 წლიდან გარდაცვალებამდე გენერალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა.

თავდაპირველად ფილმში მთავარი როლები უილ ფერელსა და ჰიუ ჯეკმენს უნდა შეესრულებინათ, თუმცა კომიკოსი მსახიობი ნიკოლას კეიჯით ჩანაცვლდა, ავსტრალიელი ვარსკვლავი კი - რასელის ხშირი კოლაბორატორი ქრისტიან ბეილით. რეჟისორი ასევე განიხილავდა მარკ უოლბერგის კანდიდატურას, თუკი კეიჯი ფილმში მონაწილეობაზე უარს იტყოდა.
აღსანიშნავია, რომ დევიდ ო. რასელისთვის „მედენი“ მეორე სპორტული ბიოგრაფიული დრამაა, The Fighter-ის შემდეგ, რომელიც ქრისტიან ბეილისთვის ოქროს გლობუსისა და ოსკარის მომტანი აღმოჩნდა.
ფილმის გადაღებები აპრილში, ატლანტაში დაიწყო. პრემიერის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, ბიოგრაფიული დრამა კინოეკრანებზე სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა. კინოკრიტიკოსები მსახიობთა დუეტს, ისევე როგორც ფილმსა და რეჟისორს, უკვე მიიჩნევენ პრესტიჟული კინოჯილდოების მოპოვების კანდიდატებად, რასაც როლებისთვის ნიკოლას კეიჯისა და ქრისტიან ბეილის შთამბეჭდავი გარდასახვებიც მოწმობს.
