პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა განმარტა, თუ რატომ იყო კრიშტიანუ რონალდუ აღშფოთებული ნორვეგიასთან მატჩის (2:1) შემდეგ.
„არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. უკვე ავხსენი, რაშიც იყო საქმე. კიდევ ერთხელ ავხსნი. პრობლემა არ მაქვს იმასთან, რომ სკანდალები წარმოიქმნება - კარიერაში იმდენი გადამიტანია... თუმცა ამისგან პრობლემის შექმნა არ ღირს. კრიშტიანუს ვუთხარი, რომ ამ ორ მატჩში [ნორვეგიასთან და დანიასთან] არ ითამაშებდა. შეხვედრის დროს გავაფიქრე, რომ შესაძლოა დამჭირვებოდა და გახურებაზე გავუშვი, შემდეგ კი მოედანზე არ შევიყვანე.
არცერთი ფეხბურთელი, როდესაც 20 ან 30 წუთი ხურდება და შემდეგ მოედანზე არ შედის, კმაყოფილი არ დარჩება. მით უმეტეს კრიშტიანუ. პელეც რომ იყოს ან მარადონა. 30 წუთი - მე, პელე თუ მარადონა? ასეთია წესები. უფლებები ყველას თანაბარი აქვს და გადავწყვიტე, რომ ის მოედანზე არ შესულიყო.
მაიძულეს, კრიშტიანუსთან მელაპარაკა სიტუაციაზე, რომელიც საერთოდ არ არსებობდა: „კრიშ, პორტუგალიაში ამაზე იმდენს ლაპარაკობენ, რომ იძულებულები ვართ ვისაუბროთ, თუმცა ვერ ვხვდები, რა ხდება“.
სალაპარაკო არაფერი იყო. რაზეც ვისაუბრეთ, ისაა, რაც მან პრესკონფერენციაზე თქვა: „აქ იმისთვის ვარ, რომ გადაწყვეტილება შენ მიიღო. თუ გინდა ვითამაშო - ვითამაშებ, თუ გინდა სათადარიგოთა სკამზე დავჯდე - დავჯდები“.
პრეზიდენტი ჩამოფრინდა - ეს აშკარაა, ის აქ, გუნდთან ერთად უნდა იყოს. გაიგო რა, რას ლაპარაკობდნენ პორტუგალიაში, სურდა გარკვეულიყო, რა მოხდა. თუმცა ვახშმის შემდეგ ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ.
– პირობა მიეცით, რომ 30 წუთს ითამაშებდა?
„შემიძლია ნებისმიერი რაღაცის პირობა გავცე. მე მწვრთნელი ვარ. თქვენთვის ეს, ალბათ, ძალიან რთული გასაგებია. მე მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელს ვუთხარი, რომ არ ითამაშებდა: „სათადარიგოთა სკამზე დაგტოვებ, თუ 30 წუთით დამჭირდები, მოედანზე შეხვალ, თუ არადა - ვერა“.
ვერცერთი ფეხბურთელი ვერასდროს აიძულებს ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას. ვერც ის და ვერც სხვა ვინმე ფეხბურთში. ვერცერთი პრეზიდენტი. ვერასდროს, არცერთ შემთხვევაში! - განაცხადა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე, რის შემდეგაც რონალდუმ გამოაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ბანაკს ტოვებს.