-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში (11 იანვარი, 18:30) ჰაიდენჰაიმი საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინს მიიღებს. მატჩში დიდი ალბათობით ვიხილავთ ბუდუ ზივზივაძის ბუნდესლიგურ დებიუტს, რითიც ქართული ისტორია გერმანიის ჩემპიონატში განახლდება.
ზივზივაძე გახდება საქართველოს ნაკრების მე-10 ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს.
ყველაზე მეტი მატჩი ქართველებიდან გერმანიის ჩემპიონატში ლევან კობიაშვილს აქვს ჩატარებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრაიბურგის, შალკესა და ჰერტას შემადგენლობაში ჯამში 351 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ბუნდესლიგის ლეგიონერთა სიაში მე-6 ადგილზეა.
ყველაზე მეტი გოლი კი გერმანიის ჩემპიონატში ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს აქვთ გატანილი. მათ ანგარიშზე 32-32 გოლია. იაშვილმა ეს ფრაიბურგისა და კარლსრუეს შემადგენლობაში შეძლო და მას ამისთვის 198 მატჩი დასჭირდა.
საქართველოს ნაკრების 9 ფეხბურთელის სია, ვისაც ბუნდესლიგაში უთამაშია, ასეთია:
ლევან კობიაშვილი - ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა - 351 მატჩი, 32 გოლი
ალექსანდრე იაშვილი - ფრაიბურგი, კარლსრუე - 198 მატჩი, 32 გოლი
ლევან ცქიტიშვილი - ფრაიბურგი, ვოლფსბურგი - 127 მატჩი, 7 გოლი
კახაბერ ცხადაძე - აინტრახტი - 64 მატჩი, 1 გოლი
არჩილ არველაძე - კიოლნი - 29 მატჩი, 7 გოლი
ლევან ყენია - შალკე - 11 მატჩი
ოთარ ხიზანეიშვილი - ფრაიბურგი - 8 მატჩი
რევაზ არველაძე - კიოლნი - 7 მატჩი, 1 გოლი
დავით თარგამაძე - ფრაიბურგი - 2 მატჩი
ასევე აღსანიშნავია აკაკი გოგიაც, რომელმაც ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა აუგსბურგისა და უნიონ ბერლინის შემადგენლობაში, თუმცა მას საქართველოს ნაკრებში არასდროს უთამაშია.
სხვადასხვა დროს ფრაიბურგში ირიცხებოდნენ ზაზა ზამთარაძე, გიორგი კიკნაძე და ლუკას ჰუფნაგელიც, თუმცა მათ ბუნდესლიგაში თამაშის საშუალება არ მისცემიათ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები