რაფინიამ აღიარა, რომ საუდის არაბეთიდან შემოთავაზება მიიღო.
„საუდის არაბეთის შემოთავაზების შესახებ შემატყობინეს და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ უზარმაზარ ციფრებზეა საუბარი.
ეს შემოთავაზება შარშან რომ მიმეღო, აუცილებლად დავთანხმდებოდი. იმ დროს მორალურად განადგურებული ვიყავი, ეს შეთავაზება კი ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებას შეცვლიდა. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს - იტყუება.
შეუძლებელია მსგავსი ციფრები დაინახო და არ იფიქრო, რომ ეს მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის.
ახლა კი ვფიქრობ, რომ ევროპაში ბევრი რამ მაქვს კიდევ გასაკეთებელი. ჯერ კიდევ შემიძლია ბარსას წარმატებებში ჩემი წვლილის შეტანა და ეს შესაძლებლობას მაძლევს, ჩემი ქვეყანაც წარვადგინო დიდ ასპარეზზე. სწორედ ეს მაიძულებს დავივიწყო ფული და ჩემი ოცნებებისკენ მივისწრაფო." - აღნიშნა ბრაზილიელმა ინტერვიუში.