პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დუდა სანაძემ პორტუგალიასთან მატჩი და ნაკრების ბოლო ორი გამარჯვება შეაფასა.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. როგორც ნახეთ, პირველი ნახევარი გაგვიჭირდა. ძალიან სწრაფი გუნდია და ძალიან ბევრ სამქულიანს ისვრიან, პირველ ნახევარში ყველაფერი ჩააგდეს, თუმცა მობილიზება და გადაწყობა მოვახერხეთ და მართლა ვამაყობ ჩემი გუნდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა გარემოებების მხრივ, მაგრამ ეს ყველაფერი დავივიწყეთ, გადავდეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
ძალიან ცოტა გვაშორებს მსოფლიომდე და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. მადლობა ყველას და რა თქმა უნდა გულშემატკივარს.
ახლა ისე ვარ, მომდევნო მატჩებზე საუბარი ცოტა მიჭირს. რა თქმა უნდა, ჯერ არ გავსულვართ მსოფლიოზე ოფიციალურად, ამიტომ შემდეგ ფანჯარასაც ისე სერიოზულად მივუდგებით, როგორც ახლა. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და შესაძლოა, შემდეგ ფანჯარაზეც დაგვჭირდეს მოგებები. ადგილებისთვის ბრძოლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იოლი თამაში არასდროს არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევირგოთ და სამომავლოდ ყველაფერი კარგად იქნება.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რასაც თორნიკე [შენგელია] ნაკრებისთვის აკეთებს. მთელ გუნდს გვინდოდა, რომ ეს მისთვის დაგვეფასებინა. ვიცით, როგორ უნდა მოგება, როგორ იბრძვის საქართველოსთვის და ამიტომ ჩვენც გვინდოდა, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა მოსაგებად და ამ ფანჯრის ორი მოგებით დასრულებისთვის.
ჯერჯერობით მივყვებით ამ პროცესს. თორნიკეს რაც შეეხება, სიტყვები არ მეყოფა, იმდენი რამის თქმა შემიძლია", - აღნიშნა სანაძემ.