მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირებამდე ერთი საათით ადრე, 84 წლის სერ ალექს ფერგიუსონი ოლდ ტრაფორდიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლეგენდარულმა მწვრთნელმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც სამედიცინო პერსონალმა პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა.
პრევენციული გადაწყვეტილება
პირველადი ინფორმაციით, ფერგიუსონის საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ „პრევენციული ხასიათისაა“. კლუბის გარშემო არსებული წყაროები ადასტურებენ, რომ სერ ალექსი თავს უკეთ გრძნობს და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში სახლში დაბრუნებას შეძლებს.
რთული პერიოდი ლეგენდისთვის
ბოლო წლები ფერგიუსონისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. 2023 წელს მან მეუღლე, ლედი კეთი დაკარგა, რომელთანაც 57 წელი გაატარა. გარდა ამისა, კლუბში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ინეოსის ხელმძღვანელობამ მასთან მრავალმილიონიანი ელჩის კონტრაქტი შეწყვიტა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სერ ალექსი მანჩესტერ იუნაიტედის ყველა საშინაო და გასვლით მატჩს რეგულარულად ესწრება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფერგიუსონმა ტვინში სისხლჩაქცევის გამო სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სრული რეაბილიტაცია გაიარა. ამჟამინდელ შემთხვევას, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ტრავმასთან კავშირი არ აქვს.