VIDEO: დუბლი და ასისტი ცვლილებიდან 28 წუთში - კვარას ტოპ მატჩი და MVP-ის წოდება ჩელსისთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, ლონდონის ჩელსისთან ცვლილებაზე ითამაშა და დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა პსჟ-მ ინგლისური გუნდი 5:2 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 2:2-ზე შევიდა, ბოლო 28 წუთში 3 გოლი შექმნა და თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩელსისთან 3 ბურთით მოაგებინა! როგორი ფრაზაა?!.. როგორი რეალობაა?!..
კვარამ ჯერ ვიტინიას გაატანინა, რის შემდეგაც ულამაზესი ჩახვეული დარტყმით თავად შეაგდო. ბოლო გოლი აშრაფ ჰაკიმის პასის შემდეგ დამატებულ წუთებზე ახლო მანძილიდან გაიტანა. უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მას გადასცა.
ქართველი ვარსკვლავისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი დუბლია. ასევე, ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში დუბლი შეასრულა.
ხვიჩამ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 10 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 6 გოლი და 4 ასისტი. სულ ამ ტურნირზე ჩატარებულ 36 თამაშში 22 საგოლე მოქმედება აქვს - 11 გოლი და 11 ასისტი.
პარიზელთაგან, კვარადონას გარდა, გოლები ვიტინიამ, დემბელემ და ბარკოლამ შეაგდეს, ჩელსისგან კი თავი გუსტომ და ფერნანდესმა გამოიჩინეს.
პსჟ და ჩელსი მომდევნო სამშაბათს, 17 მარტს, სტემფორდ ბრიჯზე ითამაშებენ და 1/4 ფინალში გამსვლელს გაარკვევენ.
წყვილში გამარჯვებული გალათასარაი-ლივერპულის დაპირისპირებაში უკეთესს შეხვდება. ასე რომ, არის შანსი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ქართული ჯახი ვიხილოთ.