2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, FIFA-მ კი ტურნირის საუკეთესო გოლის მფლობელი ოფიციალურად გამოავლინა.
გულშემატკივრების გლობალურ გამოკითხვაში სრულიად მოულოდნელმა გმირმა გაიმარჯვა, რომელმაც უკან ისეთი ვარსკვლავები ჩამოიტოვა, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ხულიან ალვარესი არიან.
საუკეთესო გოლის ავტორად კაბო-ვერდეს ნაკრების 23 წლის მცველი, სიდნი ლოპეს კაბრალი დასახელდა. არგენტინის წინააღმდეგ მერვედფინალში გატანილმა მისმა საოცარმა დარტყმამ საფეხბურთო სამყარო აღაფრთოვანა, კაბრალმა ალექსის მაკ ალისტერი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ემილიანო მარტინესის კარში ბურთი შორეულ ცხრიანში მოათავსა.
ეს არის ნამდვილი ზღაპარი: სულ რაღაც სამი წლის წინ კაბრალი გერმანიის მეხუთე ლიგაში თამაშობდა, ახლა კი მუნდიალის ისტორიაში შევიდა. გოლის აღნიშვნისას ტრიბუნაზე ემოციებს ვერ გაუმკლავდა ფეხბურთელის დედა, რომელსაც გულიც კი წაუვიდა.
ამ შედევრმა თავად მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ლეგენდის, მარსელოს ყურადღებაც მიიპყრო. ბრაზილიელი ახალგაზრდა მოთამაშეს პირადად დაუკავშირდა, მიულოცა და უთხრა, რომ გამოკითხვაში ხმა სწორედ მის გოლს მისცა.
გულშემატკივართა გამოკითხვაში მეორე ადგილი ელდორ შომუროდოვის გოლმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი ვილსონ ისიდორი გავიდა.