-
Aa
+
ფონტის ზომა
მარსიალი, რენატო სანჩესი, დელე ალი, სერხიო რამოსი, ხესელუ, მალასია, რაფაელ გერერო, მარსელ ბროზოვიჩი, ოლეკსანდრ ზინჩენკო, ისმაილ ბენასერი, ივ ბისუმა, დავიდ ალაბა თუ ხამეს როდრიგესი - უკლუბოდ დარჩენილი სახელოვანი ფეხბურთელების სია დიდია, თუმცა ჩვენს ათეულში ჩვენი აზრით უფრო სახელოვანი თუ ახალგაზრდა მოთამაშეები მოხვდნენ.
10. დანი კარვახალი
ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის გამარჯვებულმა და მადრიდის რელის ყოფილმა კაპიტანმა ზაფხულში ახალი კლუბის მოძებნა ვერ მოახერხა - 34 წლის ესპანელი ბაზარზე კვლავ ხელმისაწვდომია.
9. ჰაკიმ ზიეში
33 წლის მაროკოელი ბოლოს სამშობლოში ვაიდად კასაბლანკას ღირსებას იცავდა - აიაქსისა და ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი ახალი შემოთავაზებების მოლოდინშია.
8. ფელიპე კოუტინიო
ლივერპულიდან ბარსელონაში 135 მილიონ ევროდ გადასულ ბრაზილიელს ვასკო და გამასთან კონტრაქტი ამოეწურა - როგორც ბრაზილიურ მედიაში იწერება, ნეიმარს თავისი მეგობრის სანტოსში ხილვა სურს.
7. კარიმ ბენზემა
ოქროს ბურთის მფლობელ 38 წლის ფრანგს არაბული კარიერა აერია - ალ იტიჰადიდან ალ ჰილალში გადაბარგებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა. ფრანგული პრესა ბენზემას ლიონში დაბრუნებაზე წერს.
6. რიად მაჰრეზი
ხუთგზის პრემიერ ლიგის ჩემპიონმა და ერთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ბოლო სამი წელი ალ აჰლიში გაატარა - არაბულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ახალი შემოთავაზებების მოლოდინშია. დიდი ალბათობით, 35 წლის ალჟირელი კარიერას კვლავ არაბეთში გააგრძელებს.
5. ვილფრიდ ზაჰა
პრემიერ ლიგის გრანდების მრავალი წლის სამიზნემ კარიერის უდიდესი ნაწილი ბავშვობის კლუბში, კრისტალ პალასში გაატარა, 2023 წელს კი გალათასარაის მიაშურა. თურქეთში საქმეები კარგად არ აეწყო - შემდეგ იყო ლიონი, შარლოტი და კვლავ გალა. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინი 33 წლის უკლუბო ინგლისელის რომაში მიყვანას განიხილავს.
4. რაჰიმ სტერლინგი
ოთხგზის პრემიერ ლიგის ჩემპიონისა და ინგლისის ნაკრებში 82 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელის კარიერა რომ დაღმა მიდის არახალი ამბავია, თუმცა 31 წლის სტერლინგის ზედიზედ მეორე ზაფხულში უკლუბობა მაინც გასაკვირია - გასულ წელს ინგლისელი ფეინოორდმა წაიყვანა, თუმცა სეზონში მხოლოდ რვა მატჩის ჩატარების შემდეგ კვლავ თავისუფალ აგენტად მოგვევლინა.
3. მაურო იკარდი
სიაში შემდეგი ფეხბურთელიც ექსგალათასარაელია - მილანის ინტერის ყოფილი კაპიტანი მაურო იკარდი. რამდენადაც ვარსკვლავური არ უნდა იყოს გალას შემადგენლობა, რბილად რომ ვთქვათ, სტამბოლში 134 მატჩში 77 გოლისა და 25 საგოლე გადაცემის ავტორის კლუბის გარეშე ყოფნა მაინც უცნაურია. როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, 33 წლის არგენტინელის სიტუაციით სარგებლობას ევერტონი აპირებს.
2. პოლ პოგბა
ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის კარიერა ისე ვერ წავიდა, როგორც ამას ფეხბურთის გულშემატკივრები და ალბათ თვითონ ფრანგი მოელოდა. იუვენტუსიდან მანჩესტერში 105 მილიონ ევროდ დაბრუნებული პოგბა ტურინში უფასოდ დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს დოპინგ სკანდალში გაეხვა. რეპუტაცია-გაფუჭებული მსოფლიო ჩემპიონი მონაკომ “შეიფარა”, თუმცა მონეგასკური თავგადასავალი დიდხანს არ გაგრძელდა.
1. ჯეიდონ სანჩო
მანჩესტერში 85 მილიონ ევროდ გადასულმა ბუნდესლიგის ვარსკვლავმა იმედები ვერ გაამართლა - ინგლისელი ჯერ უკან დორტმუნდში დაბრუნდა, შემდეგ ჩელსიში წავიდა იჯარით, ლონდონის მერე კი ბირმინგემს მიაშურა. სანჩომ ასტონ ვილასთან ერთად ევროპა ლიგაც მოიგო და პრემიერ ლიგაშიც მიიღო სათამაშო დრო - ამასობაში სანჩოს კონტრაქტს მანჩესტერთან ვადა გაუვიდა, 26 წლის ინგლისელი კი კლუბის გარეშე დარჩა. ყველაზე აქტიურად ჯეიდონს კვლავ დორტმუნდს უკავშირებენ, პრესაში რომას ვარიანტმაც გაიჟღერა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები