2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ჟოან კაპდევილა აშშ-ში, ესპანეთსა და არგენტინას შორის გასამართ 2026 წლის მუნდიალის ფინალზე გასაფრენად დოკუმენტების გაფორმებას ვერ ახერხებს.
ესპანეთის ნაკრების ყოფილ მცველს ელექტრონულ ავტორიზაციაზე (ESTA) უარი ირანში ნამყოფობის გამო უთხრეს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფინალზე 2010 წლის ტრიუმფატორი ნაკრების ფეხბურთელები მიიწვია. კაპდევილა ნიუ-იორკში შვილებთან ერთად გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა საბუთების შევსებისას პრობლემას წააწყდა, რის გამოც დახმარებისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც კი მიმართა.
მოგვიანებით 48 წლის ესპანელმა უარის მიზეზი განმარტა:
„ESTA-ზე უარი იმიტომ მითხრეს, რომ 10 წლის წინ ირანში ლა ლიგის ლეგენდების რიგითი მატჩი ვითამაშე. როგორც ჩანს, თუ იქ ნამყოფი ხარ, შეერთებულ შტატებში შესვლა აღარ შეგიძლია“, - განაცხადა კაპდევილამ El Partidazo de COPE-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კაპდევილამ თეირანში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მოქმედი წესების თანახმად, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო პროგრამით სარგებლობენ (მათ შორის ესპანეთს), თუ 2011 წლის 1 მარტის შემდეგ ირანში არიან ნამყოფები, ESTA-ს ავტორიზაციით აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ და სტანდარტული ვიზის მიღება სჭირდებათ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს, ნიუ-ჯერსიში გაიმართება.