ფილიპე ლუისი ფლამენგოს მთავარი მწვრთნელი აღარ არის.
კლუბმა მისი წასვლა მადურეირასთან 8-0 გამარჯვებიდან და კარიოკას ფინალში გასვლიდან რამდენიმე საათში გამოაცხადა. მწვრთნელი ბოლო 10 წლის განმავლობაში სეზონის ყველაზე ცუდ სტარტს შეეწირა, კორინთიანსთან ბრაზილიის სუპერკოპას ტიტულისა და არგენტინულ ლანუსთან რეკოპა სუდამერიკანას წაგების შემდეგ.
„ფლამენგო მადლობას უხდის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ფილიპე ლუისს, ყველაფრისთვის, რაც ამ გზაზე იქნა მიღწეული და გაზიარებული. კლუბი უსურვებს მას წარმატებას და საუკეთესოს მის პროფესიულ კარიერაში." - წერია კლუბის განცხადებაში.
ფილიპე გუნდს 101 მატჩის შემდეგ ტოვებს, 69.9%-იანი შედეგიანობით: 63 გამარჯვება, 23 ფრე და 15 მარცხი, რომელთაგან 5 მხოლოდ 2026 წელს დაფიქსირდა.
ყოფილი მარცხენა მცველი კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის სტატუსით მიდის (ჟორხე ჟეზუსსა და ფლავიო კოსტასთან ერთად) ხუთი ტიტულით: ბრაზილიის თასი 2024, სუპერკოპა 2025, კარიოკა 2025, ლიბერტადორესი 2025 და ბრაზილეირაო 2025.
ფლამენგო ფილიპე ლუისისთვის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იყო. მან 2024 წლის მარტში, ფეხბურთელის კარიერის დასრულებიდან მალევე, მუშაობა 17-წლამდელთა გუნდთან დაიწყო და კოპა რიო მოიგო.
ივნისში იგი 20-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში, სადაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 30 სექტემბერს კი ყოფილი მცველი პროფესიონალური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ტიტეს შემცვლელად.