ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
ვილიარეალთან მატჩი (2:2) არგენტინელი თავდამსხმელისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა, რადგან მისი მოედანზე ყოველი გამოჩენა და ბურთთან შეხება სტვენითა და აგრესიით სრულდებოდა.
ფანების რისხვა და მარტოდ დარჩენილი ალვარესი
ესპანური მედიის ცნობით, უკმაყოფილება ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, ალვარესის სახელის გამოცხადებისას დაიწყო. 66-ე წუთზე, როცა ის მოედანზე შევიდა, აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა, ფანების ნაწილი ღიად მოითხოვდა მის გუნდიდან წასვლას, რისი მიზეზიც ფეხბურთელის ბარსელონაში გადასვლის სურვილია.
მატჩის დასრულების შემდეგ, როცა ატლეტიკოს ფეხბურთელები გულშემატკივრებთან მისასალმებლად მივიდნენ, ალვარესმა გასახდელისკენ მარტომ მიაშურა. მედიის ინფორმაციით, ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც იყო, რათა სიტუაციის ესკალაცია და ფანებთან პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ. არგენტინელის მიმართულებით ტრიბუნიდან მაისურიც კი ისროლეს.
ტრანსფერის მოლოდინში
დაძაბული სიტუაციის განმუხტვას გუნდის ლიდერი, იან ობლაკი შეეცადა. მან აღნიშნა, რომ სანამ ალვარესი გუნდშია, მოთამაშეებმა და ფანებმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია ყველა მხარისთვის მისაღები სცენარით დასრულდება.
კრიზისი კი გრძელდება.. ალვარესი ბარსელონაში ტრანსფერს ითხოვს, ატლეტიკოს ხელმძღვანელობა კი მის გაყიდვაზე ამ დრომდე უარს ამბობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, რაც არგენტინელის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.