პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან მე-3 ბრძოლას დიდი თავდაჯერებით ხვდება.
შაბათს, UFC 333-ის მთავარ ბრძოლამდე გასამართ დაპირისპირებაში, იანი და დვალიშვილი შეეცდებიან, საბოლოოდ გაარკვიონ ურთიერთობა და პასუხი გასცენ კითხვას, ვინ არის სინამდვილეში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (135 ფუნტი) საუკეთესო მებრძოლი.
მათი პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა, როდესაც დვალიშვილმა 5 რაუნდის განმავლობაში იანი სრულად დაჩაგრა.
თუმცა, გასული წლის დეკემბერში რუსმა მებრძოლმა რევანში აიღო, UFC 323-ზე მერაბი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
მიუხედავად ბოლო ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა, იანს არ სურს, შაბათის დაპირისპირების წინ წარსულზე იფიქროს.
„ჩემთვის ეს ახალი ბრძოლაა. არ მინდა, წინა შეხვედრაზე ვიფიქრო. ახლა დიდი მიზანი მაქვს, მინდა, ეს ბიჭი გავანადგურო და ჩემი საჩემპიონო ქამარი დავიცვა.
ყოველთვის კონკრეტული გეგმით ვიბრძვი. ჩემი გუნდი ბრძოლის გეგმას ამზადებს. ჩვენ ქირურგიული სიზუსტით ვმოქმედებთ და ყველაფერს დეტალურად ვაანალიზებთ.
ამ მანქანას ნაწილ-ნაწილ დავშლით, თითოეული დეტალის მიხედვით. დამიჯერეთ, აქ მოვალ და მას ცხვირს კიდევ ერთხელ გავუტეხ!“ - განაცხადა იანმა UFC 333-ის პრესკონფერენციაზე.
იანისა და დვალიშვილის პირველ და მეორე შეხვედრებს შორის მთავარი განსხვავება ჭიდაობაში გამოიხატა. პირველ ბრძოლაში მერაბმა მეტოქე 11-ჯერ გადაიყვანა პარტერში, ხოლო განმეორებით დაპირისპირებაში მხოლოდ 2 წარმატებული გდების შესრულება მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ იანი მომავალ შეხვედრას სრულიად ახალ ბრძოლად მიიჩნევს, აშკარაა, რომ მას წინა დაპირისპირების სცენარის გამეორება სურს.
„წინა ბრძოლაში მან ჩემ წინააღმდეგ გდების შესრულება დაახლოებით 30-40-ჯერ სცადა, მაგრამ ერთხელაც ვერ მოახერხა ჩემი პარტერში გადაყვანა. შემდეგ ჩემთან დგომში ბრძოლა გადაწყვიტა და ყველამ ნახეთ, რაც მოხდა.
მან ჩემთან დარტყმებით ბრძოლა სცადა. ასეთი დონის დარტყმების ტექნიკის გამო საკუთარი თავიც კი უნდა გაათავისუფლოს!
ახლაც ნახავთ, როგორ ეცდება სხვადასხვა ხერხის გამოყენებას. შეეცდება, ფეხში ჩამავლოს ხელი, ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ არაფერი გამოუვა“, - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.
UFC 333 შაბათს, 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე გაიმართება.
VIDEO: წონა ჩაბარებულია - ტრილოგიისთვის ყველაფერი მზად არის