არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უახლოეს დღეებში გაისად გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა. ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ზონების შესარჩევი ეტაპის მატჩების პარალელურად, აფრიკასა და აზიაში გადამწყვეტი შეხვედრები შედგება, რომლებიც საერთაშორისო პლეი-ოფში მოთამაშეებს გაარკვევს.
ოთხი აფრიკული ნაკრები - გაბონი, ნიგერია, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკოში შეიკრიბნენ და თითომატჩიანი ნახევარფინალ-ფინალით კვარტეტში გამარჯვებულს გამოავლენენ. შეხვედრები დედაქალაქ რაბათში, პრინც მულაი ჰასანის სახელობისა და ალ ბარიდის სტადიონებზე გაიმართება.
გაბონის ნაკრების 36 წლის ლიდერი, საფრანგეთში დაბადებული და სახელმოხვეჭილი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იმედიანადაა და აცხადებს, რომ მისი სამშობლოს ეროვნულ გუნდს ისტორიის დაწერა ძალუძს. 2009 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ნაკრების ვეტერანი და თილისმაა, კარიერის მიწურულს კი მუნდიალზე თამაშის ოცნება მისთვის რეალურია.
გაბონის ეროვნულ ნაკრებს აქამდე საერთაშორისო წარმატება პრაქტიკულად არასოდეს ჰქონია. ქვეყანამ ორჯერ უმასპინძლა კონტინენტის პირველობას, აფრიკის ერთა თასს, 2012 (ეკვატორულ გვინეასთან ერთად) და 2017 წლებში, თუმცა პირველ შემთხვევაში მეოთხედფინალში მალისთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ (ერთადერთი დარტყმა სწორედ ობამეიანგმა ვერ გაიტანა), მეორედ კი საერთოდ ქვეჯგუფში ჩარჩნენ...
„პანტერების“ მეტოქე ბოლო ხანს მოძლიერებული ნიგერიაა, რომელმაც საკვალიფიკაციო ციკლში საშინლად დაწყებული გამოსვლა უკანასკნელ ტურებში გამოასწორა, ძირითადად - ვიქტორ ოსიმჰენის წყალობით. მართალია, „სუპერარწივებმა“ სამხრეთ აფრიკის ნაკრების გადასწრება ვეღარ მოახერხეს, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს (სტუმრად სამხრეთ აფრიკაში) და მეორე შანსი ამგვარად მიიღეს.
ნიგერიის ნაკრების თავკაცი ერიკ შელი გაბონელთა წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის იმედადაა და ოსიმჰენთან ერთად ვარსკვლავურ შემტევ ხაზს მოუყარა თავი: ადემოლა ლუკმენი (ატალანტა), მოუზეს საიმონი (პარიზი), სამუელ ჩუკვუეზე, ალექს ივობი (ორივე - ფულემი), ფრენკ ონიეკა, ტოლუ არეკოდარე (ორივე - ვულვზი) და „სევილიის“ დუეტი - ჩიდერა ეჯუკე და აკორ ადამსი.
კამერუნმა აქამდე რვა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რითიც სხვა აფრიკული ქვეყნის ნაკრებებზე წინაა, თუმცა „მოუთვინიერებელი ლომები“ ნიგერიის მსგავსად, შესარჩევ ეტაპზე არასტაბილური ასპარეზობით გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, მათი გამოსვლა მთავრობის მიერ დანიშნული მთავარი მწვრთნელის, ბელგიელი მარკ ბრაისისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლეგენდარული სამუელ ეტო’ოს ხშირმა დაპირისპირებამ დაჩრდილა.
ბრაისის გუნდს ტრავმირებული ლიდერი, „ნაპოლის“ შუახაზელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ვერ დაეხმარება, მაგრამ კამერუნის ნაკრების ყველა რგოლში მაინც ცნობილი სახეა, იქნება ეს მეკარე ანდრე ონანა (ტრაბზოსპორი), მცველი ჯექსონ ჩაჩუა (ვულვზი), ნახევარმცველი კარლოს ბალება (ბრაიტონი) თუ ისეთი გამოცდილი ფორვარდები, როგორებიც ვენსან აბუბაკარი (ნეფთჩი) და ბრაიან მბეუმო (მანჩესტერ იუნაიტედი) არიან.
მსოფლიო პირველობაზე მოხვედრა 50 წელზე მეტია ეოცნებება კამერუნის მეტოქე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც მუნდიალზე ერთადერთხელ იასპარაზა და ისიც - ზაირის სახელით.
კონგოელებმა ტრავმის გამო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იოან ვისა მოინაკლისეს, რაც მათ შანსებს აზარალებს, სამაგიეროდ გუნდთან ერთადაა ვეტერანი სედრიკ ბაკამბუ - „ბეტისის“ ფორვარდი კამერუნელებს დიდი ალბათობით, პირველივე წუთებიდან შეუტევს, დაცვაში კი „ლეოპარდები“ გამოცდილი კაპიტნის, ფრანგული „ლილის“ ცენტრალური მცველის, შანსელ მბემბასა და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ აარონ ვან-ბისაკას იმედად არიან.
13 და 18 ნოემბერს, შესაბამისად აბუ დაბისა და ბასრაშია ჩანიშნული ორმატჩიანი დუელი აზიის ზონაში, სადაც მუნდიალის მონაწილე რვა გუნდის კვალდაკვალ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ერაყის წყვილში გამარჯვებულ ნაკრებსაც მიეცემა კანადა-აშშ-მექსიკაში ასპარეზობის შანსი.
საამიროებსაც და „მესოპოტამიის ლომებსაც“ თითოჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, საერთაშორისო პლეი-ოფში მოხვედრით და იქ წარმატების შემთხვევაში კი კიდევ ერთხელ შეახსენებენ მსოფლიოს თავიანთ არსებობას.
აღნიშნული სანაკრებო შეხვედრებით საინტერესო ისაა, გაიზრდება თუ მსოფლიოს საფეხბურთო გეოგრაფია, შეძლებს გაბონი კიდევ ერთი დებიუტანტის სახელის მოპოვებას, თუ კამერუნი ანდა ნიგერია მოახერხებს ძველებური ძალის ჩვენებას, ანდა სხვა რომელიმე ხსენებული ეროვნული გუნდი თუ დაბრუნდება მუნდიალზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები