დღეში ერთი საათი მზე, ხელოვნური საფარი და გამანადგურებლის პილოტი: ბოდო გლიმტის ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროპული ფეხბურთის გრანდების გვერდით, როგორიცაა რეალ მადრიდი და მანჩესტერ სიტი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყველაზე მოულოდნელი სახელი ბოდო გლიმტია. ნორვეგიის პატარა მეთევზეთა ქალაქის გუნდმა, სადაც მხოლოდ 55 000 ადამიანი ცხოვრობს, მოლოდინს გადააჭარბა და ევროპის ელიტაში მოხვდა. მათ უკვე დაამარცხეს მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო მადრიდი და ორჯერ მოუგეს გასული წლის ფინალისტ ინტერს, ოთხშაბათს კი პორტუგალიურ სპორტინგს დაუპირისპირდებიან.
ბოდო არქტიკული წრის მიღმა მდებარეობს, სადაც ზამთარში მზე დღეში მხოლოდ ერთ საათს ანათებს. ფეხბურთელები სპეციალურ დანამატებსაც კი იღებენ მზის ნაკლებობის კომპენსირებისთვის. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა და ყინვისა, ქალაქმა 2024 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულიც კი მოიპოვა.
გუნდის სტადიონი, ასპმირა, მხოლოდ 8 000 მაყურებელს იტევს და მას ხელოვნური საფარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ საფარს ბურთის არაბუნებრივი გორვის გამო აკრიტიკებს, უეფა მის გამოყენებას ნახევარფინალამდე უშვებს. ამჟამად ქალაქის პირას ახალი, 10-ათასიანი არენა შენდება.
ბოდო გლიმტის წარმატება დიდწილად უკავშირდება ფსიქოლოგ ბიორნ მანსვერკს, რომელიც მანამდე სამხედრო გამანადგურებლის პილოტი იყო. მან გუნდში ისეთი ტექნიკა დანერგა, რაც პილოტებს მისიების წინ ეხმარებოდა. ამან ფეხბურთელებს მენტალური ბარიერები მოუხსნა, რის შედეგადაც გუნდმა 2020 წელს ისტორიაში პირველად მოიგო ნორვეგიის ჩემპიონატი, შარშან კი ევროპა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა.
გუნდს არ ჰყავს მდიდარი სპონსორები და მისი ბიუჯეტი გრანდებთან შედარებით მცირეა. შემადგენლობა ძირითადად უცნობი ნორვეგიელი და დანიელი ფეხბურთელებისგან შედგება. თუმცა, მწვრთნელ ხეტილ კნუტსენის ხელში ბოდო გლიმტი არ არის მხოლოდ აუტსაიდერი, რომელიც თავს იცავს.. ისინი მაღალი ინტენსივობის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რამაც მათ საშუალება მისცა, შემოსავლები 4 მილიონიდან 80 მილიონ ევრომდე გაეზარდათ.