მადრიდის ატლეტიკოს სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ხულიან ალვარესთან პირად საუბარში მკაფიოდ განაცხადა, რომ ბარსელონაში მისი გადასვლის საქმეზე კარი დახურულია.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიან შემცვლელად სწორედ არგენტინელ ფორვარდს განიხილავს და თავად ფეხბურთელიც დიდ სურვილს გამოთქვამს ბარსელონაში თამაშისა, მადრიდული მხარე პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და პირდაპირი კონკურენტისთვის ლიდერის მიყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს.
მოგვიანებით ალვარესმა პირადი შეხვედრაც გამართა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან, რომელმაც ასევე დაადასტურა კლუბის ოფიციალური პოზიცია. სიმეონემ აღნიშნა, რომ ის კვლავ დიდ იმედებს ამყარებს 26 წლის თავდამსხმელზე, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად კლუბი იღებს.
ამ განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ბარსელონასთვის ალვარესის დამატება მიმდინარე ზაფხულს პრაქტიკულად შეუძლებელუ ამოცანა ხდება. კატალონიელებს, დიდი ალბათობით, სხვა ალტერნატიული ვარიანტების ძიება მოუწევთ.