-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინ მოიგებს ლა ლიგას? ვინ მოიპოვებს ევროპული ფეხბურთის თამაშის უფლაბს? და ვინ გავარდება? - კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც სეზონის ყველა ეტაპზე აქტუალურია, ოპტას სუპერკომპიუტერი შეეცდება.
ბარსელონა სეზონს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება, თუმცა მათ მთავარ მეტოქეს, მადრიდის რეალს სათავეში ნაცნობი ანტაგონისტი ჩაუდგა - ეს კი უდავოდ კიდევ უფრო მეტ ინტრიგას შემატებს ელ კლასიკოს და მათ გარდაუვალ საჩემპიონო ბრძოლას. ამავდროულად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც სამივე გუნდი ესპანური ფეხბურთის რანგით მესამე დივიზიონამდეც კი დაქვეითდა, ესპანეთის ელიტას სამი ნაცნობი კლუბი უბრუნდება. მაგრამ როგორ გვესახება საჩემპიონო ბრძოლის, ჩემპიონთა ლიგის საგზურებისა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დაპირისპირების სცენარი? Opta-ს სუპერკომპიუტერს სეზონის 10 000-ჯერ სიმულირება სთხოვეს - აი, მისი შედეგებიც…
სატიტულო ბრძოლა ბლაუგრანამ სრულად გამოიყენა მადრიდის რეალის საკმაოდ ქაოსური 2025-26 წლების სეზონი, რათა ტიტული წარმატებით დაეცვა, თანაც ეს იდეალური მანერით გააკეთა. ბარსელონამ 10 მაისს, კამპ ნოუზე გამართულ ელ კლასიკოში რეალ მადრიდი 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა. საბოლოოდ, კატალონიელებმა თავიანთ დაუძინებელ მეტოქეს 8 ქულით გადაასწრეს და ესპანეთის ჩემპიონები 29-ედ გახდნენ.
2026-27 წლების სეზონში ზედიზედ მესამე ჩემპიონობა ბარსელონასთვის, რა თქმა უნდა, ლა ლიგის 30-ე ტიტული იქნება, რითაც ის სამეფო კლუბის 36 ჩემპიონობასთან დაახლოებას გააგრძელებს. სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებულ სეზონის 10,000 სიმულაციაში კატალონიელებმა ეს შედეგი შემთხვევათა 45.6%-ში დააფიქსირეს.
რეალ მადრიდი ამ ზაფხულს ბევრს მუშაობდა ვითარების გამოსასწორებლად. გასულ წელს ჩაბი ალონსოზე, იმ დროისთვის ყველაზე მოთხოვნად ახალგაზრდა მწვრთნელზე გაკეთებული ფსონის შემდეგ, ამჯერად მათ უფრო გამოცდილი და საიმედო გზა აირჩიეს და სათავეში მეორე ვადით ჟოზე მოურინიო მოიყვანეს.
პორტუგალიელი სპეციალისტი სამწვრთნელო სამყაროს გიგანტია, თუმცა უმაღლეს დონეს ცოტა ხნით ჩამოშორებული გახლდათ - მისი ბოლო სამი სამუშაო ადგილი რომა, ფენერბაჰჩე და ბენფიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისთავად დიდი კლუბებია,მადრიდის რეალი მაინც სულ სხვა ლიგაა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).
თუმცა, სავარაუდო იმედი იმაში მდგომარეობს, რომ მოურინიოსნაირი გამოცდილი ფიგურა შეძლებს გასახდელში არსებული დიდი ეგოების მართვას და სათამაშო სტილის თვალსაზრისით რაღაც რევოლუციურის დანერგვას არ შეეცდება. მისი პრაგმატიზმი, შესაძლოა, საბოლოოდ უკეთესადაც კი მოერგოს გუნდის ვარსკვლავებს.
გასულ სეზონში კლუბის შიგნით რამდენიმე დაპირისპირება დაფიქსირდა, რის გამოც სრულიად გასაგებია, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა ტაქტიკოს გენიოსზე მეტად ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციის მქონე მწვრთნელის მოყვანა მიიჩნიეს საჭიროდ. ამ მიდგომამ რეალში კარლო ანჩელოტის ხელში გაამართლა - ექნება თუ არა განსაკუთრებულს მსგავსი ეფექტი?
ეს ნამდვილად არ არის წარმოუდგენელი. Opta-ს სუპერკომპიუტერის სიმულაციებში რეალმა ჩემპიონობა შემთხვევათა 31.0%-ში მოიპოვა.
ბარსელონას ამ ყოველივეზე არანაკლები სათქმელი ექნება, ვიდრე თავად მოურინიოს. მათ გასულ სეზონში ტიტული მარტივად მოიპოვეს და ახლა, შესაძლოა, თავიანთ რიგებს როდრიც კი შემატონ. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ კლუბის დონეზე თავისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უჩვენებია, მან ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფამდე მიყვანისთვის მუნდიალის ოქროს ბურთი დამსახურებულად მიიღო.
წაიკითხეთ: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება
სუპერკომპიუტერის ციფრები მოთამაშეთა ტრანსფერებს მხედველობაში ვერ იღებს, თუმცა ბევრისთვის რთული იქნება „ბარსელონას“ ფავორიტობის უარყოფა, თუ ისინი როდრის გადაბირებას საბოლოოდ მოახერხებენ - სუპერკომპიუტერის სიმულაციებში ჩემპიონობა 10%-იან ზღვარზე მეტად სხვა არცერთ გუნდს არ მოუპოვებია.
ჩემპიონთა ლიგის ზონა
სავარაუდოდ, საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურებიდან ორს ბარსელონა და რეალი დაიკავებენ - ბოლო სიმულაციების 81%-ზე მეტ შემთხვევაში თითოეულმა მათგანმა ოთხეულში დაასრულა სეზონი (და ეს იმ შესაძლებლობის გათვალისწინებამდეც კი, რომ მეხუთე ადგილმა შესაძლოა კვლავ გახსნას ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალი გზა).
გასაკვირი არ არის, რომ მომდევნო ყველაზე მეტ სიმულაციაში (48.6%-ში) ოთხეულში მოხვედრით ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკო გავიდა. ბოლოს და ბოლოს, 2011-12 წლების სეზონის შემდეგ მათ ოთხეულს მიღმა სეზონი არასდროს დაუსრულებიათ.
ამას მიღმა კი სურათი ბევრად ბუნდოვანია. სუპერკომპიუტერი უპირატესობას გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალსა (29.5%) და რეალ ბეტისს (23.0%) ანიჭებს. გასულ სეზონში დაკავებული შესაბამისად მესამე და მეხუთე ადგილების წყალობით, მიმდინარე სეზონში ორივე მათგანი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ვილიარეალს გარკვეული გარდამავალი პერიოდი ელის - ყვითელი წყალქვეშა ნავი 2025-26 წლების სეზონის ბოლოს მარსელინომ დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ მის შემცვლელს, ინიგო პერესს, რაიო ვალეკანოში ჩინებული მუშაობის შემდეგ ესპანეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ, გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წავა.
რაც შეეხება ბეტისს, მათ 2004-05 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშიათ - თუ როგორ გაართმევენ თავს ლა ლიგის კამპანიისა და ჩემპიონთა ლიგის თავგადასავლის შეთავსებას, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კიდევ არის ხუთი გუნდი, რომელთაც ოთხეულში მოხვედრით ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციის სულ მცირე 10%-იანი შანსი აქვთ.
შემდეგი ვალენსიაა (17.7%), რაც ზოგისთვის შესაძლოა გასაკვირიც იყოს. 2018-19 წლების სეზონში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, ისინი ყოველ სეზონში მონაცვლეობით ხან მეცხრე ადგილზე გადიოდნენ, ხანაც სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში ასრულებდნენ ასპარეზობას. 2025-26 წლებში მათ მეცხრე ადგილი დაიკავეს, ასე რომ, ამ კანონზომიერების მიხედვით, 2026-27 წლების სეზონში ცხრილის ქვედა ნაწილში უნდა დაასრულონ თამაში — თუმცა, შესაძლოა ეს ის ტენდენციაა, რომლის დარღვევასაც საბოლოოდ მოახერხებენ.
მათ შემდეგ მოდის რაიო ვალეკანო (16.7%), რომელმაც, რა თქმა უნდა, 2025-26 წლების უეფას კონფერენს ლიგის ფინალს მიაღწია, სადაც კრისტალ პალასთან 0:1 დამარცხდა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულში მთავარმა მწვრთნელმა ვილიარელას მიაშურა, ამასთანავე, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ სად ჩაატარებენ ისინი საშინაო მატჩებს.
გასულ თვეს, მადრიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა რაიოს იჯარა ვალეკასის სტადიონზე მას შემდეგ, რაც აუდიტმა სტადიონის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით არც ისე სახარბიელო შედეგები აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი საუბრები სტადიონის 2-დან 6 თვემდე დაკეტვაზე (ვითარება, რომელიც კლუბის პრეზიდენტის აზრით მათ გავარდნისთვის გაწირავდა) დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც რაიომ სტადიონი დასუფთავების სამუშაოების დასაწყებად გახსნა, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვალეკასმა სეზონის პირველ საშინაო მატჩს 20 აგვისტოს უმასპინძლოს.
გასავარდნი ზონა
ლა ლიგის ბოლო ორ სეზონში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. 2024-25 წლებში ხუთმა გუნდმა გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ან ნაკლები ქულით გაასწრო, ხოლო 2025-26 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გასულ სევილიამ სულ რაღაც ერთი ქულით გაასწრო მალიორკას, რომელიც მე-18 ადგილზე გავიდა.
მალიორკა 42 ქულის მოგროვების მიუხედავად დაქვეითდა - 38-ტურიან ლა ლიგაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ გუნდი ამაზე მეტი ქულით გავარდა (პლეი-ოფით გავარდნილი გუნდების გამოკლებით).
რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ იგივე განმეორდება, თუმცა ბოლო ორი კამპანიის გათვალისწინებით, ზედიზედ მესამე დაძაბული გადარჩენისთვის ბრძოლა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.
Opta-ს სუპერკომპიუტერი თვლის, რომ შესაძლოა სერიოზული მსხვერპლი ვიხილოთ. სევილია ბოლო ორივე სეზონში იყო ჩაბმული გადარჩენისთვის ომში. 2024-25 წლებში მათ ძლივს შეინარჩუნეს ადგილი 41 ქულით, 40-ქულიანი ლეგანესის წინ. იმ სეზონის 34-ე ტურში ლეგანესს რამონ სანჩეს პისხუანზე სევილია რომ დაემარცხებინა (რისი შანსიც ჰქონდათ), გუნდები ადგილებს გაცვლიდნენ.
გასული სეზონის მეორე ნახევარში სევილია თითქოს ინერციით მიდიოდა გავარდნისკენ, თუმცა 11 აპრილიდან ჩატარებულ ექვს მატჩში ოთხმა გამარჯვებამ სევილია გადაარჩინა.
თუმცა, სუპერკომპიუტერი მიიჩნევს, რომ ამჯერად ისინი შესაძლოა ვერ გადარჩნენ. ანდალუსიური კლუბი სიმულაციების 27.7%-ში გავარდა, რაც მათ დაქვეითების მესამე ყველაზე ალბათურ კანდიდატად აქცევს. თუ გავითვალისწინებთ მათ უზარმაზარ ფინანსურ პრობლემებს (2026 წლის მარტის ბოლო მონაცემებით, მათ ლა ლიგაში ხელფასების მეორე ყველაზე დაბალი ლიმიტი ჰქონდათ), ხელმძღვანელობის დონეზე არსებულ ქაოსს და იმ ფაქტს, რომ შესაძლოა B გუნდიდან უამრავი ახალგაზრდის დაწინაურება მოუწიოთ (რომელიც გასულ სეზონში რანგით მეოთხე დივიზიონში გავარდა), მათი პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ოქროს პერიოდის შემდეგ მძიმე რეალობის გემო ყველაზე კარგად დეპორტივო ლა კორუნიამ იცის - დეპორტივო ლა ლიგაში 2017-18 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მას შემდეგ მათ ოთხი წელი ესპანური ფეხბურთის რანგით მესამე დივიზიონშიც კი გაატარეს. მათ დაწინაურება გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში დაკავებული მეორე ადგილის წყალობით მოიპოვეს, თუმცა სუპერკომპიუტერის ფავორიტები არიან გავარდნაზე და სიმულაციების 29.2%-ში ქვედა დივიზიონში ბრუნდებიან.
დეპორი სეგუნდას ჩემპიონ, გიორგი გულიაშვილის რასინგ სანტანდერს ჩამორჩა, რომელიც ელიტარულ დივიზიონში კიდევ უფრო დიდხანს არ გამოჩენილა - რასინგმა ლა ლიგაში ბოლოს 2011-12 წლების სეზონში ითამაშა. მომდევნო სეზონში ისინი კვლავ მესამე დივიზიონში დაქვეითდნენ.
სინამდვილეში, 14 წლის წინ ლა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, რასინგმა მესამე დივიზიონში ზუსტად იმდენივე დრო დაჰყო (შვიდი სეზონი), რამდენიც სეგუნდაში.
სუპერკომპიუტერი თვლის, რომ რასინგის გავარდნის ალბათობა (26.9%) ოდნავ ნაკლებია, ვიდრე სევილიასი, დეპორტივოსი და ელჩესი (28.4%). თუმცა ის ფაქტი, რომ ისინი გავარდნის მეოთხე ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევიან, ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ბრძოლა ელით.
მალაგა იყო მესამე და საბოლოო გუნდი, რომელმაც პლეი-ოფში ალმერიასთან გამარჯვებით დაწინაურება მოიპოვა. მათაც დაასრულეს ხანგრძლივი პაუზა - ლა ლიგაში ბოლოს 2017-18 წლების სეზონში დეპორტივოსთან ერთად გავარდნისას ითამაშეს. სულ ახლახან, 2023-24 წლებში, ისინიც მესამე დივიზიონში ასპარეზობდნენ.
სუპერკომპიუტერის სიმულაციებში მალაგა დაწინაურებულ სამ გუნდს შორის ყველაზე იშვიათად გავარდა (25.3%). ესპანიოლიც (26.5%) ოდნავ უფრო ხშირად დაქვეითდა, ვიდრე ანდალუსიელები.
თუმცა, 10 000 სიმულაციაში თითოეულმა გუნდმა სულ მცირე 140-ჯერ მაინც მოიპოვა ტიტული. ასე რომ დიახ, შანსი მაინც არსებობს...

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები